Saturday, November 7, 2015

„ფორდ მუსტანგი“ SEMA-ს შოუს საუკეთესო ავტომობილია

Ford Mustang Named Hottest Car At 2015 SEMA Show
7 ნოემბერი
ლას ვეგასის საავტომობილო ტუნინგის და სპეც ტექნიკის გამოფენა SEMA-ს საუკეთესო ავტომობილად, ზედიზედ მეოთხე დასახელდა „ფორდ მუსტანგი“. წინა სამი ტრიუმფისგან განსხვავებით, წლევანდელი მოსალოდნელი იყო, რადგან „მუსტანგის“ მთავარი მეტოქის, „შევროლე კამაროს“ ახალი თაობის გაყიდვა ახლახანს დაიწყო და ის კონკურენციისთვის მზად არ იყო, რადგან სატუნინგო ატელიეებს მასზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თაობათა ცვლას, იმავე „მუსტანგისთვის“ გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია.
SEMA-ს ჟიური გასული წლის საუკეთესო ავტომობილად იმ მოდელს ასახელებს, რომელიც ყველაზე მეტი სატუნინგო ატელიეს საგამოფენო პავილიონში დგას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტუნინგის სფეროში ყველაზე პოპულარულია. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, რომ ავტომობილი იყოს მიმდინარე სამოდელო წლის და მის საფუძველზე, დამოუკიდებელ სატუნინგო ფირმებს საკუთარი ვერსიები ჰქონდეთ შექმნილი.
კონკურსს რამდენიმე კატეგორია აქვს. მათ შორისაა საუკეთესო 4x4-SUV ავტომობილებს შორის, საუკეთესო პიკაპი და საუკეთესო სპორტული კომპაქტი. SEMA-ს კონკურსში, „მუსტანგის“ გარდა, „ფორდის“ კიდევ ორი ავტომობილი დასახელდა საუკეთესოდ. პიკაპებში საუკეთესოდ F-სერიის პიკაპი შევიდა, „ფოკუსი“ კი სპორტული კომპაქტების კატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. სრულ ამძრავიან და უგზოობის ავტომობილების კატეგორიაში, გამარჯვება „ჯიპ ვრანგლერს“ ხვდა წილად.
SEMA-ს ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ამერიკის სატუნინგო ბაზარი 36 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. რაც მთავარია, ბაზრის ეს სეგმენტი უკვე ხუთი წელია, იზრდება. უფრო მეტიც, გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ხშირად, ავტომობილების მყიდველი არჩევანს, სატუნინგო ბაზარზე არსებული აქსესუარების შესაბამისად აკეთებს. ყველაზე ხშირად კი ასეთი ფაქტები სწორედ „მუსტანგის“ მყიდველთა შორის ფიქსირდება.

No comments:

Post a Comment