Sunday, November 29, 2015

ახალი „აუდი R18 e-ტრონი“ მომავალი სეზონისთვის მზადაა

Audi unveils 2016 WEC challenger
29 ნოემბერი
„აუდიმ“ მიუნხენში თავისი ახალი სარბოლო პროტოტიპის, „R18 e-ტრონის“ ოფიციალური წარდგენა ჩაატარა. „ოთხი რგოლი“ მომავალ სეზონში ამ ავტომობილით ლე მანის გვირგვინის „პორშესთვის“ ჩამორთმევას ეცდება. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ განახლებული ავტომობილი კვლავ დიზელ-ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, თუმცა გასული სეზონისგან განსხვავებით, აღდგენილი ენერგიის 6 მეგაჯოულიან ქვე-კლასში (გასულ სეზონში 4 მეგაჯოულიანში იყო) იასპარეზებს.
„აუდისგან“ განსხვავებით, მისი ორი მთავარი მეტოქე, „პორშე“ და „ტოიოტა“, ისეთ ჰიბრიდულ აგრეგატებს იყენებენ, რომელშიც ძირითადი ძრავი ბენზინისაა. ამასთან, ორივე 8 მეგაჯოულიან კლასშია, რაც მართალია, მეტი ელექტრული ძალის გამოყენების საშუალებას იძლევა, თუმცა უფრო მკაცრი შეზღუდვებიც აქვს. „აუდის“ კიდევ ერთი სიახლე აქვს - თავის პროტოტიპზე, მეორადი ენერგიის დაგროვების წყაროდ აღარ გამოიყენებს მქნევარას, რომელსაც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი (პოგორიც „პორშეს“ აქვს) შეცვლის.
ახალ სარბოლო ავტომობილზე „აუდი“ კინეტიკური ენერგიის აღდგენის მხოლოდ ერთ სისტემას გამოიყენებს, რომელიც წინა ბორბლებთან არის დაკავშირებული. მეორე სისტემაზე გერმანული კომპანია კვლავ უარს ამბობს, რადგან ტურბო დიზელის V6 ძრავი ისედაც დიდი წონით გამოირჩევა და მეორე კერს-ი ავტომობილს მეტისმეტად დაამძიმებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია და მას „აუდი“ არ ადასტურებს.
ძლიერ არის შეცვლილი პროტოტიპის გარეგნობა. ამის მიზეზი ისაა, რომ დაიხვეწა მისი აეროდინამიკა. ყველაზე მეტად წინა ნაწილია შეცვლილი, სადაც ძიერ აწეული ცხვირი იქცევს ყურადღებას. ეს მანქანის ქვეშ ჰაერის ძიერი ჭავლის მიმართვის საშუალებას იძლევა, რაც ავტომობილის აეროდინამიკურ დატვირთვას ზრდის. შესაბამისად, გაიზრდება სიჩქარე მოსახვევებში და ავტომობილი გრძელ სწორზეც უფრო მდგრადი გახდება. ასევე ყურადღებას იქცევს ძრავის კომპაქტური სეგმენტი, რამაც აეროდინამიკის სპეცალისტებს, ბოლიდის ამ ნაწილის უფრო მეტად დახვეწის საშუალება მისცა.
„ახალი „აუდი R18-ის“ სახით, ჩვენ მკვეთრ სიგნალს ვიძლევით: „აუდი“ აგრძელებს მოტორსპორტში პედალზე დაჭერას და ლე მანზე შეგნებულად აკეთებს აქცენტს ტურბო დიზელის ძრავზე, რადგან ეს არის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური საავტომობილო ტექნოლოგია“, - ამბობს „აუდის“ მოტორსპორტის“ შეფი, დოქტორი ვოლფგანგ ულრიხი.
პრეზენტაციაზე „აუდიმ“ ასევე გამოაცხადა, რომ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე უცვლელი შემადგენლობით იასპარეზებს. გარდა ამისა, ლე მანის რბოლაზე, სამის ნაცვლად, ორი ეკიპაჟით გამოვა. ახალ ავტომობილს პირველი ტესტები საფრანგეთის პოლ რიკარზე უკვე ჰქონდა. ძალიან მალე კი ამერიკაში, სებრინგის ავტოდრომზე გააგრძელებს ტესტებს.

No comments:

Post a Comment