Wednesday, November 25, 2015

„კლდე“ თავის „ლაფერარიში“ ვერ ჩაეტია

Ballers Star Dwayne Johnson Can't Fit Inside LaFerrari
25 ნოემბერი
ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა, თავისი გიგანტური და მკვრივი აგებულების გამო, „კლდედ“ წოდებულმა, „ფერარი ლაფერარი“ შეიძინა და როცა თავისი ავტომობილი ჩააბარეს, აღმოაჩინა, რომ მასში ვერ ეტევა... თავისი უიღბლობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა - მამიკო ამაში ვერ ეტევაო და თან ფოტოც დაურთო, რომელზეც თავის თეთრ „ლაფერარისთან“ დგას.
ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან „ლაფერარი“ კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა და ძალიან დაბალია. მისი ინტერიერი კი სარბოლო კოკპიტის სტილშია შესრულებული. მოკლედ, იქ ჩატევა და მორგება, ნორმალური აღნაგობის ადამიანისთვისაც პრობლემაა. ამ კუნთების (ლოდების) გროვას კი კოკპიტში არაფერი ესაქმება.
თუმცა, ასეთი „კლდეების“ დასახმარებლად, ამერიკაში არაერთი პატარა სატუნინგო ფირმა მუშაობს, რომლებიც „ფერარის“ და სხვა მწარმოებლების სუპერ ავტომობილებში მათი მფლობელების ჩატევას უზრუნველყოფენ. არამარტო ჩატევას, იმასაც, რომ მათ ეს სათამაშოები ადვილად მართონ. ასეთი ფირმების კლიენტები ხშირად NBA-ს და NFL-ის ვარსკვლავები არიან ხოლმე. მათ შორისაა ლებრონ ჯეიმსიც, რომელმაც თავისი ძველი „ფერარი F430 სპაიდერი“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფირმის დახმარებით მოირგო.
სხვათა შორის, ლებრონის სიმაღლე 203 სანტიმეტრია და ის 113.4 კილოგრამს იწონის. „კლდის“ სიმაღლე კი „მხოლოდ“ 196 სანტიმეტრია, წონა კი - 118 კილოგრამი. და თუ უფრო მაღალი კალათბურთელი ეტევა „ფერარიში“, მასზე დაბალი კინოვარსკვლავიც ჩაეტევა. უბრალოდ, მის სავარძელს უკან დასწევენ, ან საერთოდაც, ახალს დაუმზადებენ და პედლების კვანძსაც წინ წასწევენ...
დუეინი ამბობს, რომ ამ ავტომობილის გადაღებას თავის შოუ „ბოლერსში“ აპირებს, რომლის პირველი სეზონი HBO-ზე ახლახანს დასრულებულა და მეორისთვის ემზადება.
ამ ისტორიაში ერთი რამ არის გასაკვირი: როცა „ლაფერარის“ პრემიერა ჩაატარა, „ფერარიმ“ ამაყად გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის შეძენის საშუალება მხოლოდ იმ კლიენტებს მიეცემოდათ, ვისაც მანამდე მისგან მინიმუმ ხუთი ავტომობილი მაინც ექნება შეძენილი. როგორც ჩანს, ჯონსონი სწორედ ასეთთა შორისაა, რადგან მარანელოელებმა „ლაფერარი“ მიჰყიდეს. და თუ ხუთი „ფერარი“ უკვე ნაყიდი აქვს, მათში ჩატევის პრობლემასაც აუცილებლად წააწყდებოდა...

No comments:

Post a Comment