Sunday, November 1, 2015

როსბერგის მექსიკური ტრიუმფი

Motor racing-Rosberg wins in Mexico a week after title defeat
1 ნოემბერი
დიდი სარბოლო ზეიმი, რომელიც 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მექსიკას, ნიკო როსბერგის გამარჯვებით და „მერსედესის“ დუბლით დასრულდა. გერმანელმა მრბოლმა ამ სეზონში მეოთხე, კარიერაში კი მე-12 რბოლა მოიგო და ამით დაასრულა აწ უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის სამრბოლიანი წაუგებელი სერია.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, როსბერგმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიბრუნა, რომელიც მექსიკამდე სებასტიან ფეტელს ეკავა. ფეტელს ძმებ როდრიგესების სახელობის განახლებულ ტრეკზე ხელი მოეცარა - რბოლა ვერ დაასრულა და ახლა ის არის მდევრის როლში. თანამემამულეს ის 21 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ ორ რბოლაში ძალიან გაუჭირდება.
„ეს ჩემთვის ამ სეზონში საუკეთესო კვარცხლბეკია. შესანიშნავი ადგილია გამარჯვებისთვის. საოცარი დღეა, დიდებული რბოლა, ამდენი მაყურებელი“, - 100 000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე, ნაიჯელ მენსელის მიერ აღებული სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა როსბერგმა, ვინც სტარტიდანვე დაწინაურდა და ლიდერობა მხოლოდ ორჯერ გადააბარა ჰამილტონს, როცა თავად პიტსტოპს ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ჰამილტონს მოგება შეეძლო და ამისათვის იბრძოდა კიდეც. როცა მას მეორე პიტსტოპზე უხმეს, ბოქსში შესვლა არ სურდა და თავისიანებს განუცხადა, საბურავები შესაცვლელი არაა და იქნებ პიტსტოპი გადავდოთო. ბოლოს მაინც თავის გუნდს დაუჯერა და... შეცდა. საქმე ისაა, რომ მისი პიტსტოპიდან ოთხი წრის შემდეგ, ფეტელი დატრიალდა და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ჰამილტონს რომ ბოქსებში შესვლა გადაედო, როსბერგს პიტლეინზე შესვლის დროს მოუგებდა. თუმცა, რაც მოხდა, იმას ვინღა შეცვლიდა და ისიც მეორე ადგილს დასჯერდა.
მესამე ადგილი კი ვალტერი ბოტასმ დაიკავა, რომელსაც რბოლისას ინციდენტი მოუვიდა თავის თანამემამულე კიმი რაიკონენთან. ეს 22-ე წრეზე მოხდა, როცა ბოტასი რაიკონენის გასწრებას ცდილობდა. ბოტასმა შეძლო მასთან თითქმის გათანაბრება, მაგრამ შიგ მოსახვევში რაიკონენმა საჭე მისკენ მიატრიალა. ბოტასმა საკუთარი რისკის ფასად, დამუხრუჭებაც კი სცადა, მაგრამ შეჯახება თავიდან მაინც ვერ აირიდა. „ფერარი“ მისი „უილიამსის“ უკანა ბორბალს თავისი წინით დაეჯახა, რამაც მანქანის მარჯვენა მხარე ჰაერში ააგდო. უკონტროლო „ფერარი“ ტრასის მიღმა გავიდა და მართალია, ზღუდეს არ დაჯახებია, დაზიანებული საკიდარით რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამგვარად, ბოტასმა რაიკონენს სოჭში მიღებული მსგავსი ალიყურისთვის სრულფასოვანი ხურდა დაუბრუნა (დევიდ კულტჰარდმა მომხდარი ასე შეაფასა). თუმცა მომხდარში სტიუარდებს მისი ბრალი არ დაუფიქსირებიათ (სრულიად სამართლიანად).
სხვათა შორის, ინციდენტებით გაჯერებული გამოდგა რბოლა ფეტელისთვისაც. მას ჯერ სტარტზე დანიელ რიკარდოსთან ჰქონდა კონტაქტი, რა დროსაც უკანა მარჯვენა ბორბალი დაუზიანდა და დაუგეგმავი პიტსტოპი დასჭირდა. შემდეგ რბოლის პირველ ნაწილში შეცდა და დატრიალდა. მესამე შეცდომა კი 52-ე წრეზე მოუვიდა და ამჯერად, დამცავ ზღუდესთან დაასრულა ასპარეზობა. ამგვარად, დასრულდა „ფერარის“ ოცრბოლიანი სერია, რომლების დროსაც „სკუდერია“ ქულების მოპოვებას ახერხებდა.
რბოლა პირველივე წრეზე დაასრულა ფერნანდო ალონსომ, ვინც „სკაისთან“ სახელდახელო ინტერვიუსს განაცხადა, რომ რბოლის წინა საღამოსვე, ინჟინრებმა მისი მანქანის აგრეგატში გაუმართაობა აღმოაჩინეს, რისი აღმოფხვრაც ვერ მოხერხდა. თუმცა სტარტზე მაინც გამოვიდა და ამით, რბოლის სანახავად მოსულ უამრავ მაყურებელს სცა პატივი.

მექსიკის დიდი პრიზი
მექსიკო სიტი. ძმებ როდრიგესების სახელობის ტრეკი
დისტანცია 305.354 კმ (4.304 კმ, 71 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:42:35.038
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:01.954
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:14.592
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        00:16.572
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:19.682
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:21.493
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:25.860
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      00:34.343
9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             00:35.229
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  00:37.934
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        00:38.538
12. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   00:40.180
13. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 00:48.772
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი                00:49.214
15. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               2 წრე
16. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2 წრე
გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        14 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    21 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             50 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              70 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:20.521, 67-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 345 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 272; 3. სებასტიან ფეტელი - 251; 4. ვალტერი ბოტასი - 126; 5. კიმი რაიკონენი - 123; 6. ფელიპე მასა - 117; 7. დანილ კვიატი - 88; 8. დანიელ რიკარდო - 84; 9. სერხიო პერესი - 68; 10. მაქს ფერსტაპენი - 47; 11. რომენ გროჟანი - 45; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 44; 13. ფელიპე ნასრი - 27; 14. პასტორ მალდონადო - 26; 15. კარლოს საინსი - 18; 16. ჯენსონ ბატონი - 16; 17. ფერნანდო ალონსო - 11; 18. მარკუს ერიქსონი - 9; 19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) - 0; 20. ალექსანდერ როსი - 0; 21. უილ სტივენსი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 617 ქულა; 2. ფერარი - 374; 3. უილიამს-მერსედესი - 243; 4. რედ ბულ-რენო - 172; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 112; 6. ლოტუს-მერსედესი - 71; 7. ტორო როსო-რენო - 65 ; 8. ზაუბერ-ფერარი - 36; 9. მაკლარენ-ჰონდა - 27; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment