Saturday, November 14, 2015

„ფორდ ბრონქო“ ბრუნდება

Ford To Resurrect Bronco, Bring Ranger Back To The US
14 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანისა“ და საავტომობილო სფეროში დასაქმებულთა გაერთიანებულ კავშირს შორის მიღწეული მრავალწლიანი შეთანხმების წყალობით, ბაზარს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უგზოობის ავტომობილი, „ბრონქო“ დაუბრუნდება. გარდა ამისა, „ფორდმა“ აიღო იმის ვალდებულება, რომ თავის ამერიკულ საწარმოებში, 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც დამატებით 8 500 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მისცემს.
მთავარი სიახლე მიჩიგანის ქარხანაში განხორციელდება, სადაც ამჟამად ცისფერი ოვალი „ფოკუსს“ და „C-მაქსს“ აწარმოებს. აღნიშნულ ქარხანაში ამ ორი მოდელის წარმოება 2018 წელს შეწყდება და მექსიკაში გადაინაცვლებს. მიჩიგანში კი კომპაქტურ პიკაპ „რეინჯერის“ და უგზოობის „ბრონქოს“ წარმოებას დაიწყებენ.
„ბრონქომ“ ბაზარზე სამი ათეული წელი გაატარა და ამ პერიოდში ხუთი თაობა გამოიცვალა. უხეში ფორმების, მოკლებაზიანმა ავტომობილმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, თუმცა 1996 წელს მისი წარმოება შეწყდა. დეტროიტის 2004 წლის მოტორ შოუზე, ცისფერმა ოვალმა კონცეპტუალური „ბრონქო“ (ფოტოზე) წარადგინა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ავტომობილმა კონვეიერამდე ვერ მიაღწია.
რაც შეეხება პიკაპ „რეინჯერს“, ის უცხოური ბაზრებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა 2011 წლამდე მაინც ამერიკაში მზადდებოდა. მალე ის მიჩიგანის ქარხანას დაუბრუნდება. საინტერესოა ისიც, რომ ამ ორ ავტომობილს ერთსა და იმავე პლატფორმაზე ააგებენ, რაც ერთ ქარხანაში მათს წარმოებას უფრო რენტაბელურს გახდის. ამ ორიდან მიჩიგანში პირველად „რეინჯერს“ გამოუშვებენ (2018 წელს), ორი წლის შემდეგ კი მას „ბრონქოც“ მოჰყვება.

No comments:

Post a Comment