Monday, November 9, 2015

„ფერარი“ „რედ ბულს“ ძრავებზე ახალ იდეას სთავაზობს

Ferrari offers Red Bull new engine idea
9 ნოემბერი
„ფერარის“ თავმჯდომარე სერჯო მარკიონე ამბობს, რომ მზადაა, „რედ ბულს“ ძრავებთან დაკავშირებით, ახალი ტიპის პარტნიორული ურთიერთობა შესთავაზოს. თუმცა ეს შეთავაზება არ ეხება მილტონ კეინსელთათვის იმავე ძრავის მიწოდებას, რომელსაც მარანელოელები თავად იყენებენ. მართალია, „რედ ბული“ ძრავების მხოლოდ პარტნიორულ საფუძვლებზე მიღებას მოითხოვს, მაგრამ მარკიონეს სჯერა, რომ ავსტრიული გუნდი მისი შეთავაზებით დაინტერესდება.
მარკიონეს გეგმა ითვალისწინებს ახალი ტიპის ტექნიკურ თანამშრომლობას, რომელიც „რედ ბულს“ საკუთარი ძალური დანადგარის შემუშავების საშუალებას მისცემს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხარებს აღარ დასჭირდებათ გარე პარტნიორის ძებნა. პარალელურად, საკუთარი ძრავების წარმოების შემთხვევაში, ისინი საგზაო სუპერ ავტომობილების წარმოებისთვისაც (რაც პერსპექტივაში, მათს გეგმებში შედის) სოლიდურ ბაზას მიიღებენ.
„არსებობს „რედ ბულთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომელიც ძალური დანადგარის შემუშავებას შეეხება. იმავდროულად, დღის წესრიგში არ დგას მათთვის იმავე ძრავის მიწოდება, რომელსაც ჩვენ მომავალ სეზონში გამოვიყენებთ. ჩვენი კომპანია მზადაა, მათ ძრავების საინჟინრო და წარმოების სფეროში მხარდაჭერა შესთავაზოს. ოღონდ, ეს იქნება განცალკევებული პროექტი, რომელშიც „ფერარი“ საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ჩააქსოვს და რომელიც „რედ ბულს“ და სხვა კომპანიებს, სასურველი ძრავების მიღების საშუალებას მისცემს. მაგრამ ისინი ვერ მიიღებენ იმ ძრავებს, რომლებსაც „ფერარი“ საკუთარ მანქანებზე გამოიყენებს“, - მუჯელოს ტრეკზე, „ფერარი ფინალი მუნდიალიზე“ გამოსვლისას განაცხადა მარკიონემ.
ის დასძენს, რომ ეს გეგმა უკვე შესთავაზა „რედ ბულის“ მფლობელ დიტრიხ მატეშიცს და „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეების მრჩევენ ჰელმუტ მარკოს. მარკიონე აღიარებს, რომ მსგავსი თანამშრომლობა, ფერარისთვისაც ხანგრძლივ პერსპექტივაში სასარგებლო და მომგებიანი იქნება.
„მე ეს იდეა უკვე შევთავაზე მატეშიცს და მარკოს. ჩემი ოცნება ის კი არაა, რომ „მერსედესი“ დავამარცხო. ჩემი მიზანია, „ფერარის“ წარმატებული მომავალი გარანტირებული იყოს. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. მაგრამ ჩვენი მიზანი არაა, რომ ვინმეს ჩვენთან კონკურენციის საშუალება მივცეთ. ეს სისულელე იქნებოდა. ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ სხვებს საინჟინრო შესაძლებლობები გავუზიაროთ“.

No comments:

Post a Comment