Friday, November 20, 2015

„მერსედესი“ მომავალი სეზონისთვის რადიკალურ კონცეპციას ამზადებს

Mercedes considers radical concepts for 2016 F1 challenger
20 ნოემბერი
„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონის მანქანაზე რამდენიმე სიახლის გამოყენებას აპირებს, რაც დიდი პრიზების არენაზე დომინაციის შენარჩუნებაში დაეხმარება. მას შემდეგ, რაც ამ სეზონში ორივე ტიტული გაინაღდა, გერმანულმა გუნდმა მთელი ყურადღება ახალი მანქანის მზადებაზე გადაიტანა.
ბრაზილიაში პრაქტიკებზე ახალი საკიდარი და აეროდინამიკური კონცეპცია გამოსცადა, რომელთა გამოყენებასაც მომავალი სეზონიდან გეგმავს. ამ ორი სიახლიდან, უფრო შესამჩნევი ეგრეთ წოდებული S-ჰაერსადინარი იყო, თუმცა მისი ზუსტი დანიშნულება არავის განუმარტავს.
სამქიმიანებს მაქსიმალურად მობილიზება უწევთ იმისათვის, რომ „ფერარის“ მხრიდან გაზრდილ ზეწოლას გაუძლონ. მცირე მოდუნებაც კი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მარანელოელებმა ლიდერის პოზიცია მოიპოვონ. სწორედ ამიტომ, W07-ზე არაერთი რადიკალური სიახლეა მოსალოდნელი. კითხვაზე, ბრაზილიის ეტაპის პრაქტიკების დროს გამოყენებული სიახლეები, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ახალ ავტომობილს აგრესიული დიზაინი ექნება, „მერსედესის“ მოტორსპორტის შეფი ტოტო ვოლფი პასუხობს:
„დიდი შეცდომა იქნება, თუ წარმატებული მანქანის მხოლოდ ევოლუციური განვითარებით შემოიფარგლები. მომავალ სიახლეებთან დაკავშირებით, ჯერ ყველაფერი გარკვეული არაა. ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი არსებობს ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე, ბევრს აეროდინამიკურ მილში ვცდით. მათგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პრაქტიკებისას ნახეთ. მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი კვლევის ეტაპია და არც ვიცით, დავნერგავთ თუ არა“, - ამბობს ვოლფი.
მართალია, ინტერლაგუშზე ყველაზე მეტი ყურადღება S-ჰაერსადინარმა მიიქცია, მაგრამ ირკვევა, რომ მასზე საინტერესო ექსპერიმენტული სიახლე სამქიმიანებს საკიდარში ჰქონდათ. მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გავრცელებული მოსაზრებით, გუნდი ჰიდრავლიკური სისტემის ახალ ნაირსახეობას ცდის, რომელიც ავტომობილის მარჯვენა და მარცხენა საკიდარის ურთიერთ ქმედებას უზრუნველყოფს. ეს კი მანქანის მიერ მოსახვევების გავლისას, შიდა რადიუსზე არსებული ბორბლის „შემსუბუქების“ მინიმიზაციას უზრუნველყოფს.
ცნობისათვის, „მერსედესმა“ პირველმა შეიმუშავა სისტემა FRIC (წინა და უკანა საკიდარის ურთიერთ კავშირი), რომელიც მოგვიანებით აიკრძალა.
გარდა ამისა, გუნდი იმაზეც მუშაობს, რომ შასის გზის ზედაპირიდან დაშორება გაზარდოს, რაც მის ქვეშ მეტი მოცულობის ჰაერის გატარების საშუალებას მისცემს, ეს კი გრაუნდ ეფექტს უფრო ეფექტურს გახდის. სწორედ ამას სჭირდება ახალი ტიპის საკიდარი და S-ჰაერსადინარიც ამ გადაწყვეტის ფუნქციური ნაწილია.

No comments:

Post a Comment