Tuesday, October 13, 2015

„ფერარი“ ოსტინის რბოლისთვის ძრავის სრულყოფას აპირებს

Ferrari could use remaining engine tokens for Austin
13 ოქტომბერი
„ფერარი“ ფ1-ის ძრავის სრულყოფისთვის საჭირო, მის ხელთ არსებული ეგრეთ წოდებული ტოკენების (პირობითი ქულების) სრულად გამოყენებას აშშ-ის დიდი პრიზის წინ აპირებს. მარანელოელებს ჯერაც აქვთ რამდენიმე ტოკენი დარჩენილი და მათი გამოყენება სასურველია, რათა მომავალი სეზონისთვის აგრეგატის მზადებისას, უკეთესი საწყისი პოზიცია ჰქონდეს.
ამას აზრი აქვს, რადგან „ფერარის“ კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესის“ დამარცხების არანაირი შანსი უკვე აღარ აქვს. ამგვარად, მეხუთე ძრავის გამოყენებისთვის ჯარიმაც მის პოზიციას ვერ დააზარალებს. მართალია, სოჭის რბოლის შემდეგ, სებასტიან ფეტელმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ჩემპიონობის მათემატიკურ შანსს ჯერაც ინარჩუნებს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მან ლუის ჰამილტონის დამარცხება შეძლოს.
ამიტომ, მეხუთე ძრავის ოსტინში გამოყენებას აზრი აქვს. სხვათა შორის, „მერსედესმა“ უკვე ამოწურა საკუთარი ტოკენები (მონცას რბოლისთვის) და ახლა უკვე მომავალი სეზონის აგრეგატზე მუშაობს. სამქიმიანებმა განახლებული ძრავის გამოყენება იმ მომენტს დაამთხვიეს, როცა აგრეგატის გეგმიური შეცვლა იყო დაგეგმილი. ანუ, მათთვის ეს სტარტზე საჯარიმო ადგილების დაკარგვას არ გამოიწვევდა. „ფერარის“ ორივე პილოტი კი უკვე მეოთხე ძრავს იყენებს.
წინასწარი ვარაუდით, განახლებულ აგრეგატს, ცილინდრების უფრო ვიწრო ბლოკი ექნება. ეს ინჟინრებს იმის საშუალებას მისცემს, რომ მანქანის უკანა ნაწილი უფრო დაავიწროვონ. ეს კი ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი წინააღმდეგობას შეამცირებს, რაც სწორ მონაკვეთებზე სიჩქარის გაზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, შესაცვლელი გახდება გადაცემათა კოლოფის კონსტრუქცია.
სხვათა შორის, პირველად განახლებულ ძრავს ალბათ კიმი რაიკონენის მანქანაზე დააყენებენ. ფეტელის შემთხვევაში კი, სანამ ის ჩემპიონობის თუნდაც თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მოცდას ამჯობინებენ. უფრო მეტიც, როგორც „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე ამბობს, მის გუნდს სურს, რომ ფეტელს მეორე ადგილის დაკავებაშიც შეუწყოს ხელი, რაზეც სეზონის დასაწყისში ისინი ვერც იოცნებებდნენ.
თუმცა, ფეტელი თვლის, რომ უმჯობესი იქნება, თუ „ფერარი“ გადაწყვეტილებას, გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად მიიღებს და არა ლოკალური მიზნის მისაღწევად. „ჩვენ ამ სეზონში ჯერაც ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ მეორე მხრივ, მთავარი მომავალი სეზონისთვის მზადებაა და გადაწყვეტილებაც ამის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ“, - ამბობს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი.

No comments:

Post a Comment