Monday, October 5, 2015

შოთა აფხაზავას „არტლაინი“ „დალარასთან“ ჩამორჩენას ამცირებს

Artline pledges to cut Dallara's F3 advantage
5 ოქტომბერი
ფორმულა 3-ის ევროპული სერიის ბოლოსწინა ეტაპი, რომელიც გერმანიის ნურბურგრინგზე ჩატარდა, „არტლაინ ენჯინიარინგისა“ და მის უახლეს ბოლიდ „არტტექ P315-ისთვის“ სატესტო იყო. ამაზე ის გარემოებაც მიანიშნებს, რომ სამიდან მეორე რბოლის დროს, ლატვიელმა პილოტმა ჰარალდ შლეგელმილხმა დაუგეგმავი პიტ სტოპი შეასრულა, რა დროსაც ავტომობილს გარკვეული პარამეტრები შეუცვალეს.
პირველი პრაქტიკისას, შლეგელმილხი ყველაზე ნელ „დალარას“ 1.2 წამით ჩამორჩა, ბოლო საკვალიფიკაციო სესიაზე, ჩამორჩენა 0.6 წამამდე შემცირდა, ბოლო რბოლაში კი - 0.3 წამამდე. რაც მთავარია, გუნდის ინჟინრებმა, სიჩქარის ნაკლებობის მთავარი მიზეზიც მალე დაადგინეს - საბურავების ოპტიმალურ ტემპერატურამდე გახურება ვერ ხერხდებოდა.
ეს პრობლემა არ გამოვლენილა რუსთავში ტესტირების დროს, რადგან ის ზაფხულში, ძლიერ სიცხეში ჩატარდა და საბურავებიც სწრაფად მოდიოდა სამუშაო კონდიციაში. ნურბურგრინგზე კი შემოდგომის სიგრილე იყო. კერძოდ თუ რუსთავში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევდა, გერმანიაში პრაქტიკების დროს, ასფალტის ტემპერატურა მხოლოდ 25 გრადუსი იყო, ბოლო რბოლისას კი 14 გრადუსამდეც კი დაეცა.
ნურბურგრინგის ყველაზე გრძელ სწორ მონაკვეთზე „არტტექ P315-ს“ კარგი სიჩქარე ჰქონდა - ყველაზე სწრაფებთან მხოლოდ 1 კმ/სთ-ს აგებდა. არადა, მასზე გასვლამდე, მარჯვენა, საშუალო სიჩქარის მოსახვევში, სიჩქარე აკლდა. როგორც „არტლაინის“ ინჟინერი ეგორ ნაზაროვი ამბობს, ავტომობილმა ის მონაცემები აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ. რაც მთავარია, შლეგელმილხმა სამივე რბოლა დაასრულა.
„ჩვენი მოლოდინი რომ მოწინავე ათეულში მოხვედრა ყოფილიყო, გაწბილებულები დავრჩებოდით. მაგრამ აქ ჩვენ მანქანა რბოლისას პირველად გამოვცადეთ და ჩვენი მიზანი, მისი შეცნობა იყო“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა ნაზაროვმა. მისი თქმით, „დალარას“ ახლანდელმა ავტომობილმა, გუნდბის ხელში, არაერთი მოდიფიკაცია გაიარა და ახლა, „არტლაინსაც“ იგივე გზის გავლა მოუწევს.
ნურბურგრინგზე „არტტექ P315“ ბრიტანული NBE-ს ძრავით იყო აღჭურვილი. იქვე გუნდმა მეორე ბოლიდიც ჩაიტანა, რომელიც ალბათ სეზონის ბოლო ეტაპზე იასპარეზებს, რომელიც ჰოკენჰაიმრინგზე გაიმართება. მეორე პილოტის ვინაობას „არტტექი“ ჯერ არ ამხელს.
პარალელურად, რუსთავში მალე დასრულდბა მესამე ბოლიდის აწყობა, რომელიც „რენო-ორეკას“ ძრავითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილის ტესტირება მოგვიანებით გაიმართება. ისე კი, მყიდველი გუნდების სურვილის შესაბამისად, „არტტექ P315-ზე“ შესაძლებელია როგორც „მერსედესის“, ასევე „ფოლკსვაგენს“ აგრეგატების დაყენებაც. ცნობისათვის, ევროპულ ფ3-ში ამჟამად ძირითადად სწორედ ამ კომპანიების აგრეგატებს იყენებენ.

No comments:

Post a Comment