დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 24, 2015

საბრძოლო მოთელვა ბოლო რბოლების წინ

24 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, წრიულ რბოლებში საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს მასპინძლობს, რომელშიც ჩემპიონატის მუდმივ მონაწილეთა გარდა, ლეჯენდსის კლასში რუსი პილოტებიც მონაწილეობენ. დღეს მე-7 ეტაპის პირველი რბოლები ოთხ კლასში გაიმართა. ერთეტაპიანი პაუზის შემდეგ, ტრეკს დაუბრუნდა ტურინგ ლაითის კლასი, რომლის ბოლო რბოლაც, „მეებვე“ კომპაქტთან ერთად გაიმართება.

ლეჯენდსის კლასს დაუბრუნდა მისი ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი, შოთა აფხაზავა, რომელმაც საკუთარ გუნდ „არტლაინთან“ ერთად, ბოლო ერთი თვე გერმანიაში გაატარა, სადაც „ლამბორგინი“ სუპერ ტროფეოსა და ფორმულა 3-ის ევროპულ სერიაში იასპარეზა. სხვათა შორის, ფ3-ში შედგა „არტლაინის“ წარმოების ბოლოდის პრემიერა, რომელიც სერიის ბოლო ორ ეტაპზე, სატესტო ხასიათს ატარებდა.


დაკიდევ, ფორმულა „ალფაში“ იასპარეზა ETCC-ს სერიის ახალმა ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ. ევროპაში ასპარეზობის გამო, მას რამდენიმე რბოლა გაუცდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ამიტომ, მისთვის „ახალი ხილი“ მეორედ გამოსცადა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალ ტექნიკასთან სწრაფად შეგუების უნარი გააჩნია, რაც საერთაშორისო კარიერაში უთუოდ გამოადგება.


ამ ეტაპზე, ოთხი კლასიდან, ორში ჩემპიონი პრაქტიკულად ცნობილია: ტურინგ ლაითში დავით მენთეშაშვილს ვეღარავინ დაეწევა, ფორმულა „ალფაში“კი მიუწვდომელი მევლუდ მელაძეა. ლეჯენდსში ჩემპიონობისთვის არჩილ ბიძინაშვილი და დავით კაკაბაძე იბრძვიან. „ბეემვე“ კომპაქტში კი ჩემპიონობის შანსი სამ პილოტს - ვანო მძელურს, ირაკლი კუხიანიძეს და დიმიტრი ქობულიას აქვთ.

პირველი რბოლა ტურინგ ლაითში ჩატარდა, სადაც დასაწყისში იური მანგასაროვი დაწინაურდა, თუმცა მენთეშაშვილმა მალე მოახერხა მისი ჩამოტოვება და როგორც სჩვევია, ფინიშამდე ახლოს არავინ გაიკარა. მანგასაროვი კარგა ხანს მეორე იყო, თუმცა სამწუხაროდ, რბოლის მიწურულს ტექნიკამ ტემპის შენარჩუნების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ, მე-5 ადგილს დასჯერდა. კვარცხლბეკზე კი ადგილები ალექს მარღანიამ და რეზო ბიწაძემ დაიკავეს. ბიწაძისთვის ეს ამ სეზონში პირველი კვარცხლბეკია.





რბოლა მსგავსი სცენარით წარიმართა „ბეემვე“ კომპაქტის კლასში, სადაც თავიდან კუხიანიძე დაწინაურდა, თუმცა მალე მას მძელურმა გაასწრო და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია. ოღონდ, წინა რბოლისგან განსხვავებით, კუხიანიძე ლიდერს ბოლომდე კვალში ედგა და საბოლოოდ მათ რბოლა ერთწამიანი სხვაობით დაასრულეს.


მხოლოდ მე-9 ადგილს დასჯერდა წინა რბოლის გამარჯვებული დიმიტრი ქობულია, რომელიც რბოლის დასაწყისში პელოტონის ბოლოში იყო, თუმცა ფინიშამდე რამდენიმე მეტოქის ჩამოტოვება მოახერხა. ამ შედეგით, მას ჩემპიონობის შანსი საგრძნობლად შეუმცირდა. და მაინც, ტიტულის მოცილეთა წარუმტებლობის შემთხვევაში, მას მაინც აქვს სეზონის ტრიუმფით დასრულების შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, ამ სეზონში ყველაზე მეტი (6) გამარჯვების მქონე ვასიკო ჭონიშვილს ბოლო სამი რბოლა გაუცდა, რამაც მისი საჩემპიონო იმედები დაასრულა.

გაცილებით დაძაბული პაექრობის მომსწრენი ფორმულა „ალფას“ რბოლისას გავხდით. აქ ასპარეზობას თავიდანვე გამოეთიშა მელაძე. შემდეგ კი მისი ბედი კოტე თაყაიშვილმა და თორნიკე კიკნაველიძემ გაიზიარეს. ამასთან, თაყაიშვილს ძრავი დაეწვა. მოგვიანებით ამავე მიზეზის გამო, რბოლა დავით რამიშვილმაც შეწყვიტა. სამწუხაროდ, ამ ორ პილოტს ბოლო სამ რბოლაში შესაბამისად, სამი და ოთხი ძრავი დაეწვა.






დასაწყისში რომან ლებედევი დაწინაურდა, რომელსაც კვალში რამიშვილი ჩაუდგა. მათ კი ქაჯაია და ირაკლი ჩხეიძე მიჰყვნენ. შუა რბოლაში კიკნაველიძის მანქანამ ბოლი აუშვა და ის იძლებული გახდა, პირველი S-მოსახვევის გამოსასვლელში გაჩერებულიყო. ამის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. რესტარტზე ჩხეიძემ ორი პოზიციით წინ წაიწია და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მალე კი რამიშვილის მანქანამაც აუშვა ბოლი. და სანამ რბოლა დასრულდებოდა, ჩხეიძემ ლებედვის ჩამოტოვებაც მოასწრო.

ბოლო რბოლა ლეჯენდსის კლასში გაიმართა, რომელიც ორგანიზატორებმა, გასაგები მიზეზების გამო, „გემრიელ ლუკმად“ შემოინახეს. და „ლეგენდებმაც“ ისევ არ გაგვაწბილეს: თავიდან აფხაზავა დაწინაურდა, რომელსაც გიორგი ბეჟიტაშვილი და კაკაბაძე დაედევნენ, მაგრამ მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. პირველზე კაკაბაძემ გადაინცვლა, რომელსაც კვალში გოგა არჯევანიძე ჩაუდგა. მას კი აფხაზავა, ბეჟიტაშვილი და ბიძინაშვილი მიჰყვნენ. ერთი წრის შემდგ, მოწინვეთა განლაგება კვლავ სრულიად განსხვავებული იყო: ამჯერად პელოტონის სათავეში აფხაზავა მოექცა, რომელსაც კაკაბაძე, ბიძინაშვილი, არჯევანიძე და ბეჟიტაშვილი დაედევნენ.




ეს განლაგებაც მცირე ხნით შენარჩუნდა. ამჯერად კაკაბაძემ შეძლო დაწინაურება და მის მდევართა მწკრივის სათავეში აფხაზავა ჩადგა. სამწუხაროდ, შუა რბოლაში, სტარტ-ფინიშის სწორის ბოლოს, კონტაქტურ ბრძოლაში არჯევანიძე დაზარალდა, რომელმაც რბოლის გაგრძელება კი შეძლო, მაგრამ გამარჯვებისთვის მებრძოლთა რიგებს გამოაკლდა. რბოლის მიწურულს, აფხაზავამ და ბიძინაშვილმა რამდენჯერმე „გაცვალეს“ მეორე და მესამე პოზიციები და საბოლოოდ, ბიძინაშვილმა შეძლო მეტოქის ჩამოტოვება და ლამის კაკაბაძესაც გაასწრო - ფინშზე მათ შორის სხვაობა, სულ რაღაც, 0.012 წამი იყო. აფხაზავა კი გამარჯვებულს 0.047 წამით ჩამორჩა.

BMW კომპაქტი, 8 წრე
1. ვანო მძელური                             16:55.735
2. ირაკლი კუხიანიძე                     1.093
3. სანდრო ლომაძე                          3.850
4. მიხა ტამასიძე                              5.036
5. ირაკლი კაკაურიძე                      9.512
6. ჯანკატ ჰურმოგლუ                     11.252
7. გიორგი ბაინდურაშვილი          12.519
8. გიორგი კირვალიძე                     24.056
9. დიმიტრი ქობულია                    26.825
10. დავით ლაბარტყავა                  38.619
11. გიორგი ალავიძე                        39.204
12. გიორგი გამყრელიძე                 40.805
13. ოთარ ალაშილი                         1:24.124


ფორმულა ალფა, 10 წრე
1. ირაკლი ჩხიკვაძე                         22:01.118
2. რომან ლებედევი                         0.596
3. დათა ქაჯაია                                 1.034
4. დავით ბაგრატიონი                    2.173
5. სანდრო თავართქილაძე            2.866
6. შაკო ციხელაშვილი                    3.648
7. გიორგი კიკნაძე                           15.264
8. დავით რამიშვილი                     2 წრე
9. თორნიკე კიკნაველიძე               6 წრე
10. კოტე თაყაიშვილი                    7 წრე


ლეჯენდსი, 10 წრე
1. დავით კაკაბაძე                            20:01.221
2. არჩილ ბიძინაშვილი                  0.012
3. შოთა აფხაზავა                            0.047
4. გიორგი ბეჟიტაშვილი                0.209
5. გოგა არჯევანიძე                         2.392
6. სანდრო ცხადაძე                         2.445
7. უშანგი ნანავა                               6.366
8. კოტე კოლიაშილი                       6.713
9. არტემ კაბაკოვი                            12.919
10. ალექსეი კაიროვი                      21.998
11. ოლეგ ჩებოტარევი                    22.967
12. კსენია ნიკსი                               47.317


ტურინგ ლაითი, 8 წრე
1. დავით მენთეშაშვილი               16:54.309
2. ალექს მარღანია                           4.463
3. რეზო ბიწაძე                                 9.180
4. გოგა გელაშვილი                         28.263
5. იური მანგასაროვი                      40.155
6. პაატა კვესელავა                          41.587
7. გიორგი კიკნაძე                            1:41.927
8. გიორგი შველიძე                         1:43.157
9. გიგა ბიძინაშვილი                       4 წრე

No comments:

Post a Comment