Thursday, October 29, 2015

„შკოდა“ 110 წლის გახდა

Skoda Celebrates Its 110th Birthday With The Voiturette A
29 ოქტომბერი
 „შკოდა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავტომწარმოებელია. დღეს მას 110 წელი შეუსრულდა. 1905 წლის 29 ოქტომბერს, სახელ „ლაურინ & კლემენტ ვოიტურეტ A-ს“ სახელით, კომპანიამ პირველი ავტომობილი დაამზადა. „ლაურინ & კლემენტი“ ჩეხური კომპანიის წინამორბედის სახელია და ის ვაცლავ ლაურინმა და ვაცლავ კლემენტმა დააარსეს. პირველი „უცხენო ეტლის“ შესაქმნელად მათ დიდხანს იმუშავეს.

თავიდან ისინი ველოსიპედებს და მოტოციკლებს უშვებდნენ. მათ სწრაფად აუღეს ალღო ბაზარს და მიხვდნენ, რომ ავტომობილი მალე გახდებოდა საყოველთაო სატრანსპორტო საშუალება და ორბორბლიანი ტრანსპორტის წარმოებისას დაგროვილი გამოცდილება, ავტომობილებზე გადაიტანეს. თავიანთ პირველ ავტომობილს „ვოიტურეტი“ დაარქვეს. ეს ფრანგული სიტყვა პატარა კარტს ნიშნავს.
პირველი ავტომობილი ორცილინდრიანი, 1 005 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით აღჭურვეს, რომელსაც წყლით გაგრილების სისტემა ჰქონდა და რაც მთავარია, სულ რაღაც, 7 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა, ასეთი სუსტი ძრავითაც, „ვოიტურეტ A-ს“ მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ს აღწევდა. ძრავთან წყვილში 4-საფეხურიანი (უკუსვლის საფეხურის ჩათვლით) ტრანსმისია მუშაობდა. გაზეთმა „ალგემაინენ აუტომობილ-ცაიტუნგმა“, „ვოიტურეტ A-ს“ ფოტოები თავის 29 ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა, გაყიდვებიც იმავე დღეს დაიწყო. და „ლაურინ & კლემენტმა“ ძალიან მალე 44 ავტომობილი გაჰყიდა.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მლადა ბოლესლავში ავტომობილებს 110 წელია ვაწარმოებთ. ბოჰემია ავტომობილის ერთ-ერთი აკვანია. თავისი გამოცდლებით, შემართებითა და ენერგიით, „ლაურინ & კლემენტმა“, „შკოდას“ შემდგომ წარმატებებს ჩაუყარა საფუძველი. ჩეხეთის რესპუბლიკაში, „შკოდას“ მიერ წარმოებული ავტომობილები, მთელს მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს“, - ამბობს „შკოდას“ მმართველი საბჭოს წევრი ბოჰდან ვოინარი.
საინტერესოა, რომ სანამ „ვოიტურეტ A-ს“ გამოუშვებდა, „ლაურინ & კლემენტმა“ 1901 წელს კონცეპტუალური „კვადრიციკლი“ შეიმუშავა, რომელსაც ოთხი ბორბალი ჰქონდა, მასში მგზავრი წინ, ოდნავ დაბლა იჯდა, ვიდრე მძღოლი. საჭე კი მოტოციკლის მსგავსი ჰქონდა. 1925 წელს ეს კომპანია ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა ინდუსტრიულმა კონგლომერატმა, „შკოდა ვორკსმა“ შეისყიდა, რომელიც ემილ შკოდას მიერ არის დაარსებული. მაშინვე „ლაურინ & კლემენტს“ სახელი „შკოდა აუტოთი“ შეეცვალა.

No comments:

Post a Comment