Monday, September 14, 2015

„პორშეს“ კონცეპტუალური ელექტრომობილი „მიშნ E“

Spectacular All-Electric Porsche Mission E Concept Eyes Tesla Model S
14 სექტემბერი
ეს ავტომობილი, მასზე გავრცელებულ პირველივე ინფორმაციაში, „ტესლას“ მეტოქედ მონათლეს. ეს უკვე გასაგებს ხდის მის მთავარ თავისებურებას. ის ელექტრომობილია. „პორშე“ იმ „ტერიტორიაზე“ შედის, რომელსაც სულ სამი-ოთხი წლის წინათ ვერც წარმოვიდგენდით. ვერც მაშინ, როცა „პორშემ“ ამ ავტომობილის ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომელზეც ის საბურველით იყო დაფარული და მის ქვეშ, აშკარად სუპერ ავტომობილის სილუეტი იკვეთებოდა.
ფრანკფურტში ის პირველად გამოჩნდა რეალური სახით და სახელიც შევიტყვეთ - „პორშე მიშნ E“ - მისია E, ანუ „პორშე“ ელექტრომობილების წარმოებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. და რა თქმა უნდა, მისი სამიზნე „ტესლაა“, ოღონდ ამაზე გერმანული კომპანია ბევრს არაფერს ამბობს - ამას მის გარეშე, ჟურნალისტებიც გააკეთებენ.
„მიშნ E-ს“ მთავარი მახასიათებლები: 600 ცხენის ძალა, რომელიც ოთხივე ბორბალს მიეწოდება, სვლის სიშორე 500 კილომეტრზე მეტი, ადგილიდან ასამდე აჩქარებისთვის საჭირო დრო 3.5 წამი! ელემენტების ბლოკის 80 პროცენტით დამუხტვისთვის საჭირო დრო - სულ რაღაც, 15 წუთი. ეს მართლაც გარღვევაა, რომელსაც შეუძლია, ელექტრომობილების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. დაკიდევ, ავტომობილის ოთხივე ბორბალი მართვადია.
ამ ავტომობილის და მისი ძალური დანადგარის შემუშავებისას, „პორშემ“ ის გამოცდილება გამოიყენა, რომელიც ლე მანის ტრიუმფატორ პროტოტიპ „919 ჰაიბრიდის“ შექმნისას დააგროვა. „მიშნ E“ ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვა, რომლებიც სარბოლი პროტოტიპის ელექტრო ძღავის მსგავსია. მათი ჯამური 600 ცხენის ძალა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 200 კმ/სთ სიჩქარე 12 წამზე ნაკლებში აკრიფოს.
სრულ ამძრავიან სისტემაში შედის მომენტის გადანაწილების ფუნქცია. ის მამოძრავებელ ძალას, თითოეულ ბორბალს საჭიროების შესაბამისად უნაწილებს. გარდა ამისა, ამ სისტემის მუშაობა კომბინირებულია სრულად მართვად სისტემასთან. „პორშე“ ირწმუნება, რომ კონცეპტუალური „მიშნ E“ წრიული რბოლებისთვისაც კი გამოსადეგია. უფრო მეტიც, ცუფენჰაუზენელებმა კომპიუტერში ისიც კი გამოთვალეს, რომ მათს სუპერ ელექტრომობილს, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის რვა წუთზე ნაკლებში გავლის უნარი აქვს.
„პორშე“ განსაკუთრებით გამოჰყოფს იმ ფაქტს, რომ ავტომობილის 80 პროცენტით დამუხტვას მხოლოდ 15 წუთი ჰყოფნის. ამის მისაღწევად, კომპანიამ ინოვაციური 800-ვოლტიანი დასამუხტი მოწყობილობა შეიმუშავა. გარდა იმისა, რომ სწრაფად მუხტავს, უფრო მსუბუქიცაა. დასამუხტი პორტი, ავტომობილის მარცხენა წინ ფრთის ქვეშაა მოთავსებული. ელემენტების 80 პროცენტით დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 400 კილომეტრის გავლა შეძლოს.

No comments:

Post a Comment