Tuesday, September 15, 2015

„ნისანის“ ახალი კონცეპტუალური ქროსოვერი - „გრიპზი“

Nissan's Gripz Concept Is A Z-Branded Sports Crossover
15 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ნისანმა“ კომპაქტური კონცეპტუალური სპორტული ქროსოვერი წარადგინა, სახელად „გრიპზი“, რომელიც გამოშვების შემთხვევაში, ახალგაზრდა, ცხოვრების აქტიური სტილის მიმდევარი მყიდველისთვის იქნება განკუთვნილი. იაპონური კომპანიის განცხადებით, კონცეპტი „გრიპზი“ თავის თავში აერთიანებს კომპაქტურ ქროსოვერსა და სპორტულ ავტომობილს.
კონცეპტის დახასიათებისას, „ნისანი“ ამბობს, რომ ამ ავტომობილით ყოველდღიური სარგებლობის გარდა, უქმეებზე ქალაქგარეთ მოგზაურობაც თამამად შეიძლება. თანაც, ავტომობილი ასფალტიან გზებზეც და გრუნტზეც ერთნაირად სხარტად გადაადგილდება. ამის საშუალებას, კომფორტული სალონი და გაწონასწორებული შასი იძლევა.
ამ კომპაქტურ ქროსოვერზე მუშაობისას, დიზაინერებმა ლეგენდარული საფარის რალის გამარჯვებულ (1973) „ნისან 240Z-ისგან“ მიღებული შთაგონებით ისარგებლეს. მართალია, ეს კონცეპტუალური ავტომობილი, თავისი მაღალი კლირენსით, ქროსოვერია, მაგრამ იმავდროულად, მის სტილში სპორტული ავტომობილის ხასიათიც არის ჩაქსოვილი. სხვათა შორის, საფარიზე გამარჯვებით, 240Z-მა დაამტკიცა, რომ რბოლაში გასამარჯვებლად, აუცილებელი არაა, რომ სპორტულ ავტომობილს დაბალი კლირენსი ჰქონდეს.
კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია ელექტრო ჰიბრიდული სისტემით, სადაც ბენზინის ძრავის დანიშნულება, ელექტრო ენერგიის გამომუშავებაა, რომელიც ელექტრო ძრავს მიეწოდება. ეს უკანასკნელი, ელექტრომობილ „ნისან ლიფისგან“ არის აღებული. იაპონური კომპანია „გრიპზის“ მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას თანაბარი, სწრაფი და ჩუმი წრფივი აჩქარების უნარი აქვს.
კონცეპტუალური ქროსოვერის სტილში რამდენიმე ჟენევის შოუზე წარდგენილი კონცეპტ „სვეის“ რამდენიმე ელემენტია გამოყენებული. მაგალითად, V-ს სტილიზებული ფორმის მქონე რადიატორი, უკანა, ბუმერანგის სტილის ფარები და მოლივლივე სახურავი, რომელიც ძალიან დაქანებულია და რბილად გადადის უკანა საყრდენში. დიზაინერებმა საინტერესო გადაწყვეტა მოუძებნეს კარებს. წინა და უკანები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება. ორივეს საკიდი ზედა ნაწილშია მოთავსებული. ოღონდ, თუ წინა ზევით იღება, უკანას გაღების მოძრაობა ჰორიზონტალის გასწვრივ სრულდება. და რადგან „გრიპზს“ შუა საყრდენი არ აქვს, ამიტომ ჯერ უკანა ნახევარ-კარი უნდა დაიხუროს, რომელშიც ფსევდო საყრდენი არის ინტეგრირებული. ამგვარად, 2+2 კონფიგურაციის სალონში შესვლა გაადვილებულია.
კონცეპტ „გრიპზის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 100 მილიმეტრი, სიგანე 1 890 მილიმეტრი და სიმაღლე 1 500 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 2 580 მილიმეტრია. ამგვარად, ის სერიულ და ძალიან პოპულარულ ქროსოვერ „ჯუკზე“ განიერია და ბაზაც მასზე გრძელი აქვს. ავტომობილი 22-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „ბრიჯსტოუნის“ მიერ სპეციალურად შემუშავებული, მაღალი წნევის ვიწრო საბურავებითაა შემოსილი.

No comments:

Post a Comment