Sunday, September 13, 2015

„იაგუარ ლენდ როვერმა“ მცირე და ნულოვანი გამონაბოლქვის აგრეგატები გვიჩვენა

Jaguar-Land Rover Showcases Low And Zero Emissions Powertrains
13 სექტემბერი
ჰიბრიდული და ელექტრული აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარზე, „იაგუარ ლენდ როვერი“ აქამდე პასიურობას ავლენდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ ძლიერ ტრენდზე ჩამორჩენას არც ბრიტანული კომპანია აპირებს. ამის დასტურად, მან სრულიად ახალი ტექნოლოგია, „ელექტრიკ დრაივ მოდული“ (ელექტრული გადაადგილების მოდული) შეიმუშავა, რომელსაც თავისი უახლესი, ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილებზე გამოიყენებს.
ბრიტანულმა კომპანიამ, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთბაშად სამი ახალი აგრეგატი შეიმუშავა. ესაა მაღალი მაჩვენებლების მქონე, მოდულური ელექტრული სტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სერიულ ელექტრომობილებსა და პლაგ-ინ ჰიბრიდებზე თითქმის ორჯერ მეტ სიმძლავრეს და მომენტს გამოიმუშავებს. ეს სტრუქტურა იმის საშუალებას იძლევა, ინტეგრირებული იყოს საშუალი ჰიბრიდულ, პლაგ-ინ ჰიბრიდულ მოდელებსა და ასევე ელექტრომობილებზეც. ახალი ტექნოლოგიის სახელია „კონცეპტ_e“.
„ეს არის „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევითი პროექტი, რომელიც დიდი ხნის დაწყებულია. მისი მიზანი, მომავლის ჰიბრიდული და ელექტრული ძალური დანადგარების შემუშავება და სრულყოფაა. ეს სამი საცდელი ავტომობილი, რომლებიც „კონცეპტ_e“ დანადგარებითაა აღჭურვილი, ჩვენ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და ტესტირებაში დაგვეხმარება, რომლებსაც 2020 წლის შემდეგ, ჩვენს მცირე და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე დავნერგავთ“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და განვითარების დივიზიონის დირექტორი, დოქტორი ვოლფგანგ ეპლე.
„კონცეპტ_e-ს“ საშუალო ჰიბრიდული (MEHV) ვერსია ბაზირებულია „რეინჯ როვერ ევოუკზე“. მის ძალურ დანადგარში, დიზელის 88-ცხენისძალიანი ძრავი და 48-ვოლტიანი ელექტრული სისტემაა გაერთიანებული. ეს სისტემა მოიცავს 15-კილოვატიან ელექტრო ძრავს, რომელიც პირდაპირ მუხლა ლილვთან არის დაკავშირებული. ის შიდაწვის ძრავსა და 9-საფეხურიან ტრანსმისიას შორის განლაგდა.
„კონცეპტ_e-ს“ მეორე ვერსია, პლაგ-ინ ჰიბრიდული (PHEV) სისტემაა. ის MEHV-ის მსგავსია, ოღონდ გაცილებით მძლავრი ელექტრო ძრავი აქვს, რომლის სიმძლავრეც 150 კილოვატს აღწევს. შიდაწვის ძრავად კი ბენზინზე მომუშავე, 295-ცხენისძალიანი ძრავისა და მასთან დაკავშირებული 8-საფეხურიანი ტრანსმისიის ტანდემი გამოიყენეს. რაც მთავარია, კონცეპტი „რეინჯ როვერ სპორტის“ ბაზაზე დამზადდა. ელექტრო ძრავი, რომელიც იმავდროულად, სტარტერის ფუნქციასაც ასრულებს, ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, რომელიც საბარგულში განთავსდა.
„კონცეპტ_e-ს“ მესამე ვერსია ელექტრომობილია. ის „იაგუარ ლენდ როვერის“ ექსპერიმენტულ, ალუმინის არქიტექტურაზეა დაფუძნებული. მისი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, რომლის ტევადობაც 70 კილოვატსაათია, მაქსიმალურად დაბლაა განლაგებული. უკან ღერძთან დაკავშირებულია 145 კილოვატი სიმძლავრის ელექტრო ძრავი, რომელიც ბორბლებს ორსაფეხურიანი ტრანსმისიით უკავშირდება. წინ ღერძს კი მომცრო ძრავი ემსახურება, რომლის სიმძლავრეც 85 კილოვატია და ის ბორბლებს ერთსაფეხურიანი ტრანსმისიით უკავშირდება.

No comments:

Post a Comment