Sunday, September 20, 2015

ფეტელის მესამე გამარჯვება

Motor racing-Vettel wins Singapore Grand Prix
20 სექტემბერი
„ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენეს პირობა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში მინიმუმ ორ რბოლას მოიგებდა, გადაჭარბებით არს შესრულებული - სინგაპურის დიდი პრიზი, მარანელოელთა ტიტულოვანმა ახალწვეულმა სებასტიან ფეტელმა მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში მათთვის მესამე გამარჯვებაა. ფეტელმა სტარტზევე შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია.



მის მდევართა შორის ამჯერად არ ყოფილან „მერსედესის“ პილოტები - ლუის ჰამილტონს და ნიკო როსბერგს, სტარტზე „უილიამსელებისგან“ მოუწიათ თავის დაცვა და მართალია, ეს კარგად გამოუვიდათ, მაგრამ ფეტელის, დანიელ რიკარდოს და კიმი რაიკონენის ტემპის აყოლა ვერ შეძლეს. უფრო სწორედ, წინ წაწევისთვის სისწრაფე არ ეყოთ, რადგან სინგაპურის მოსახვევებით სავსე მარინა ბეიზე, „მერსედესის“ აგრეგატის სრული სიმძლავრით გამოყენება ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, ჰამილტონმა რბოლაც კი ვერ დაასრულა - შუა გზაზე, მის მანქანას სიმძლავრე დააკლდა. ჰამილტონმა თანდათან დაკარგა პოზიციები და ბოლოს, გუნდმა ის ბოქსებში, გასაჩერებლად იხმო.

ისევე როგორც კვალიფიკაციაზე, რბოლის შემდეგაც, მოწინავე სამეულში, „მერსედესის“ ძრავით მოასპარეზე ერთი პილოტიც ვერ შევიდა. კვარცხლბეკზე ორი ადგილი „ფერარის“ პილოტებს - ფეტელს და რაიკონენს (მესამე) ერგოთ, მეორეზე კი „რედ ბულის“ რიკარდო დადგა, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია. არადა, შარშან სამი რბოლის მოგება შეძლო. და მხოლოდ მეოთხეს დასჯერდა როსბერგი.

ამ გამარჯვებით, ფეტელი ჰამილტონს 49 ქულის „სავალზე“ დაუახლოვდა. ეს ბევრია - გერმანელს ორი გამარჯვება სჭირდება იმისათვის, რომ 50 ქულა აიღოს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გაასწროს. ისე კი, დარჩენილ ექვს რბოლაში, მაქსიმუმ 150 ქულის აღებაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ორ რბოლაში, „მერსედესის“ გუნდის ტექნიკა მწყობრიდან ორჯერ გამოვიდა. მონცაზე როსბერგს ძრავი დაუზიანდა, სინგაპურში კი - ჰამილტონს. როგორც ჩანს, ბოლო ტოკენების გამოყენების შემდეგ, ძრავს გამძლეობა დააკლდა.

საინტერესო სტატისტიკა: ჰამილტონს სინგაპურში თავისი კარიერის 41-ე გამარჯვების მოპოვება შეეძლო. ამით ის ფეტელს და თავისი ბავშვობის კერპ აირტონ სენას გაუტოლდებოდა. თანაც, ლეგენდარული ბრაზილიელის მსგავსად, მასაც 41 მოგება 161 რბოლაში ექნებოდა. ფეტელმა კი 42-ე გამარჯვება მოიპოვა. მათზე მეტი მოგება ალენ პროსტს (51) და მიხაელ შუმახერს (91) აქვთ.

რბოლის დროს, ორი ინციდენტი მოხდა და ორივეს გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. პირველი მე-16 წრეზე დაფიქსირდა, როცა ბოქსებიდან გამოსულ ფელიპე მასას ნიკო ჰულკენბერგი დაეჯახა. გერმანელი მაშინვე გამოეთიშა ასპარეზბას, ბრაზილიელი კი - მოგვიანებით. ბედად, არავინ დაშავებულა. ამასთან, მომხდარი სტუარდებმა განიხილეს და ჰულკენბერგის აშკარა ბრალი დააფიქსირეს, რის გამოც, მას სუპერ ლიცენზიაში საჯარიმო ქულები ჩაეწერა.


მეორედ კი ტრასაზე... მაყურებელი გამოვიდა. იქ რა უნდოდა, ძნელი სათქმელია, თუმცა ის მალევე დამცავი ბადის იმავე ნახვრეტში შეძვრა, საიდანაც ტრასაზე შეაღწია და რბოლის შენელება გამოიწვია.

სინგაპურის დიდი პრიზი
სინგაპური, მარინა ბეი, დისტანცია 308.828 კმ (61 წრე, 5.065 კმ)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    2:01:22.118
2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            +00:01.478
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:17.154
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     00:24.720
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:34.204
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        00:35.508
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      00:50.836
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             00:51.450
9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   00:52.860
10. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      01:30.045
11. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   01:37.507
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        01:37.718
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               2 წრე
14. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               2 წრე
15. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 8 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              27 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           28 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         30 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            48 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:50.041, 52-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 252 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 211; 3. სებასტიან ფეტელი - 203; 4. კიმი რაიკონენი - 107; 5. ვალტერი ბოტასი - 101; 6. ფელიპე მასა - 97; 7. დანიელ რიკარდო - 73; 8. დანილ კვიატი - 66; 9. სერხიო პერესი - 39; 10. რომენ გროჟანი - 38; 11. მაქს ფერსტაპენი - 30; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 30; 13. ფელიპე ნასრი - 17; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 16. კარლოს საინსი - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 9; 18. ჯენსონ ბატონი - 6; 19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) - 0; 20. უილ სტივენსი - 0; 21. ალექსანდერ როსი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 463 ქულა; 2. ფერარი - 310; 3. უილიამს-მერსედსი - 198; 4. რედ ბულ-რენო - 139; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 69; 6. ლოტუს-მერსედესი - 50; 7. ტორო როსო-რენო - 41; 8. ზაუბერ-ფერარი - 26; 9. მაკლარენ-ჰონდა - 17; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment