დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 3, 2015

ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ ორი წლით დარჩა

Nico Hulkenberg Signs Two-Year Extension With Force India
3 სექტემბერი
ფორმულა 1-ის გერმანელმა ვარსკვლავმა ნიკო ჰულკენბერგმა, თავის ახლანდელ გუნდ „ფორს ინდიასთან“ კონტრაქტი ორი წლით გააგრძელა. მის მომავალს ტოპ გუნდებს უკავშირებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი შემადგენლობის უცვლელად დატოვება გადაწყვიტეს, ჰულკენბერგმაც საშუალოებში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდში დარჩენა ამჯობინა.
ჰულკენბერგი ახლა 28 წლისაა და ჯერაც ყველაფერი წინ აქვს. თუმცა, მართალია ძალიან სწრაფი და სტაბილური პილოტის რეპუტაცია აქვს, ტოპ გუნდში გადასვლის შანსი ჯერ არავის მიუცია. სამაგიეროდ, ამ სეზონში, ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამოსვლის საშუალება მიეცა და დებიუტისთანავე გაიმარჯვა.
ჰულკენბერგის თქმით, „ფორს ინდიაში“ დარჩენის გადაწყვეტილება იმ მარტივი მიზეზის გამო მიიღო, რომ ამ გუნდს თავიდან ბოლომდე იცნობს: „მე აქ თავს ისე ვრგძნობ, როგორც სახლში. ამიტომ აქ დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო. ბოლო ორ სეზონში გუნდს სოლიდური პროგრესი აქვს, რამაც გამაოცა და სამომავლო თავდაჯერება შემძინა“.
ჰულკენბერგს ამჟამად პილოტთა შორის მე-12 ადგილი უკავია, თუმცა მას შემდეგ, რაც „ფორს ინდიამ“ B-სპეციფიკაციის მანქანა ტრასაზე გამოიყვანა, შედეგებიც გაუმჯობესდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კალენდარში დარჩენილი ეტაპებიდან, უმეტესობა სწრაფ ტრეკზე ტარდება, რაც ინდური საჯინიბოს ბოლიდისთვის შესაფერისია. საინტერესოა, რომ კონსტრუქტორთა თასზე, „ფორს ინდია“ ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა და მასზე წინ მყოფ „ლოტუსს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მოკლედ, გუნდს მე-5 ადგილის დაკავების რეალური შანსი აქვს და თუ ერთი შეხედვით ეს ბევრი არაფერია, მაშინ იმის გახსენებაც ღირს, რომ ამ შემთხვევაში, მის წინ „მერსედესი“, „ფერარი“, „რედ ბული“ და „უილიამსი“ იქნებიან.

No comments:

Post a Comment