Williams retain Bottas and Massa for 2016
4 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის წინ, „უილიამსმა“ გამოაცხადა,
რომ მომავალი სეზონისთვისაც ფელიპე მასას და ვალტერი ბოტასს შეინარჩუნებს.
ამგვარად, წერტილი დაესვა ადრე გავრცელებულ ჭრებს იმის შესახებ, რომ ბრიტანულ
გუნდს თავისთან ჯენსონ ბატონის გადაბირება სურდა. ამგვარად, „უილიამსი“ მესამე სეზონსაც
ამ პილოტებთან ერთად გაატარებს.
„სტაბილურობა ფორმულა ერთში წარმატების მისაღწევად,
აუცილებელი რამაა. ამიტომ, მესამე სეზონშიც, ერთ-ერთი უძლიერესი პილოტების დუეტის შენარჩუნებას
ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენ მოწინავეთა შორის დამკვიდრების და მაღალი
მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ფრენკ უილიამსმა.
ამგვარად, „უილიამსი“ მეოთხე ტოპ საჯინიბოა,
რომელმაც პილოტები უცვლელად დაიტოვა. „მერსედესი“, „ფერარი“ და „რედ ბულიც“,
მომავალ სეზონში იმავე შემადგენლობით იასპარეზებენ. პილოტებთან ახალი კონტრაქტების
გაფორმების პროცესი მას შემდგ დაჩქარდა, რაც „ფერარიმ“ კიმი რაიკონენს გაუგრძელა კონტრაქტი.
სწორედ „ფერარის“ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ბოტასის მომავალი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარიმ“ ფინელი
პილოტის „უილიამსთან“ არსებული კონტრაქტი გამოისყიდა და რაიკონენის ნაცვლად მის
მიწვევას აპირებდა. ეს ვერსია არ გამართლდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ბოტასი
შემდგომში მაინც მარანელოში გადაინაცვლებს. სწორედ ბოტასის წასვლის შემთხვევაში
აპირებდნენ გროველები ბატონის „მაკლარენიდან“ გადაყვანას. ამ შემთხვევაში,
უოკინგელები საპრიზო პილოტის რანგში დანიელ კევინ მაგნუსენს დააბრუნებდნენ.
ბოტასი „უილიამსში“ მესამე სეზონს ატარებს. ის უკვე
ჩამოყალიბებული პილოტია და შორს არაა ის დრო, როცა მას კვარცხლბეკის უმაღლეს
საფეხურზე ვიხილავთ. ამ სეზონში მისი საუკეთესო შედეგი კანადაში დაკავებული მესამე
ადგილია. ეს კი მეტწილად იმის ბრალია, რომ „უილიამსს“ „ფერარიმ“ გადაასწრო. „ჩვენ
ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდით და მოუთმენლად ველი მომავალ სეზონს, რომელშიც, დარწმუნებული
ვარ, კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მივაღწევთ“, - ამბობს 26 წლის ბოტასი.
რაც შეეხება მასას, ის 34 წლისაა და ფ1-ის ერთ-ერთი
ყველაზე გამოცდილი პილოტია. „უილიამსში“ ის „ფერარიდან“ 2013 წელს გადავიდა და სტაბილური
შედგებით გამოირჩევა.
No comments:
Post a Comment