Saturday, September 12, 2015

მონცას ფასი ფ1-ში დიდ ფულზე მეტია

Monza's F1 value goes beyond pure money
12 სექტემბერი
„ზაუბერის“ შეფ მონიშა კალტენბორნის თქმით, ფ1-ის შეფმა ბერნი ეკლსტოუნმა უნდა გააცნობიეროს, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრიდან მონცას ტრეკის ამოვარდნა, სპორტს გაცილებით მეტ ზარალს მოუტანს, ვიდრე რაიმე დამატებით შემოსავალს. ეკლსტოუნს მონცას ტრეკთან კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე აქვს და დიდი შანსია იმისა, რომ ამის შემდეგ, კონტრაქტი აღარ გაგრძელდება. ამის მიზეზი ისაა, რომ რბოლის ორგანიზატორებს, ეკლსტოუნისგან მოთხოვნილი გაზრდილი გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ.
მხარეებს შორის მოლაპარაკება რამდენჯერმე წარუმატებლად დასრულდა. ბერნი კი ჯიუტად იმეორებს, რომ მონცა შეიძლება კალენდრიდან ამოვარდეს. მისი ამგვარი მიდგომის შედეგია ის, რომ ფ1-ის კალენდარში არ არის საფრანგეთის დიდი პრიზი, ამ სეზონში კი არც გერმანიის დიდი პრიზი იმართება. მაგრამ ასეთი ვითარება არ აწყობთ ფ1-ის ფანებს, გუნდბს და პილოტებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ მონცას გარეშე, დიდი პრიზების ცირკი, თავისი ისტორიის ნაწილს დაკარგავს.
იტალიის დიდი პრიზის რბოლის შემდეგ, ემოციური განცხადება გააკეთა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა. „თურაღაც ბინძური ფულის გამო, მონცას კალენდრიდან ამოვიღებთ, ჩათვალეთ, რომ გულები მოგვპარეს“, - გერმანელმა ეს განცხადება კვარცხლბეკის მეორე საფეხურიდან, ასი ათასზე მეტი მაყურებლის თვალწინ გააკეთა.
კალტენბორნი თვლის, რომ ფ1 უნდა გამოფხიზლდეს, რათა მაქსიმალური მოგების მიღების პერსპექტივის გამო, არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს. „ამ შემთხვევაში, ღირებულება ფინანსებს არ უკავშირდება. სულ უფრო მეტი თანხაა საჭირო იმისათვის, რომ ტრასებმა რბოლის ჩატარება შეძლონ. ყველაფერი ფულის დიქტატით ხდება. აქამდე ასე იყო. დღეს პრობლემა მონცას შეეხო და დარწმუნებული ვარ, მალე მონაკოს ჯერიც დადგება. და რა იქნება შემდეგ? ყველა ამბობს, რომ ისტორიული რბოლის შენარჩუნება სურს. ყველას სურს მონაკო. სულ ცოტა ხნის წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კალენდარში ისტორიული რბოლებისთვის ადგილი გარანტირებულია. მაგრამ უკვე გერმანია დავკარგეთ და გვესმის, რომ მალე მის ბედს მონცა გაიზიარებს. უჭირს სპასაც. და მონაკოს სიტუაციაც ვიცით. ეს უნდა დამთავრდეს“, - ამბობს კალტენბორნი.
პილოტების ასოციაციამ ჩაატარა ფანების გლობალური გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ ფ1-ისთვის ტრადიციული ეტაპები ძალიან მნიშვნელოვანია. გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ფანებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით, მონაკოს რბოლა სარგებლობს, რომელმაც გამოკითხვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი (75 პროცენტი) მიიღო. შემდეგი ადგილები იტალიამ (71), ბრიტანეთმა (68), ბელგიამ (66) და გერმანიამ (165) დაიკავეს.
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი იმედოვნებს, რომ მონცა კალენდარში დარჩება. მაგრამ თვლის, რომ თუ იტალიელები იაფ კონტრაქტს მიიღებენ, მაშინ სხვა რბოლების ორგანიზატორებიც შეღავათებს მოითხოვენ. „პადოკში ყველაზე დაუნდობელი მომლაპარაკებელი ბერნია. მან ფ1-ში ამდენს ამიტომაც მიაღწია. პრობლემა ისაა, რომ თუ ერთი ორგანიზატორისთვის გადასახადს დასწევს, მაშინ ყველა დანარჩენიც იგივეს მოსთხოვს. ამიტომ, მას პოზიციის შენარჩუნება უწევს. მას არ ახასიათებს მუქარები. და არ იმუქრება, თუ შემსრულებელი არ არის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ გამოსავალი მოიძებნება და იტალიის დიდი პრიზი პრიზი, მრავალი წლის განმავლობაში დარჩება მონცაზე“, - ამბობს ჰორნერი.

No comments:

Post a Comment