Lamborghini Aventador SV Roadster Breaks Cover At
Pebble Beach
31 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ყველაზე სწრაფი „ავენტადორის“ ღია ვერსია, „ავენტადორ
SV როდსტერი“ გახდა. ეს სანტ’აგატა ბოლონეზელების პირველი ღია ავტომობილია,
რომელიც ტიტულ „სუპერ ველოჩეს“ (ზესწრაფი) ატარებს. მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ.
ისევე როგორც სტანდარტული „ავენტადორი“, ღია „სუპერველოჩეც“
6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავითაა აღჭურვილი. ოღონდ, მასზე 50 ცხენის ძალით ძლიერია.
აგრეგატი 750 ცხენის ძალას (8 400 ბრ/წთ-ზე) და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს, რომელიც მამოძრავებელ ძალას
ოთხივე ბორბალს უნაწილებს.
კუპესძარიანი „სუპერველოჩეს“ მსგავსად, ვერსია „როდსტერიც“
მიმწოლბერკეტიან დაკიდების სისტემას ეყრდნობა, რომელშიც მაგნეტო რეოლოგიური დრეკადი
ელემენტებითაა აღჭურვილი. საჭის სისტემაც იგივეა - „ლამბორგინი დაინემიკ სტირინგ“.
„სუპერველოჩე როდსტერი“ 1 575 კილოგრამს იწონის, ანუ ჩვეულებრივ „ავენტადორ
როდსტერზე“ 50 კილოგრამით ნაკლებს. ამგვარად, „სუპერველოჩე როდსტერის“ ყოველ ცხენის
ძალაზე 2.1 კილოგრამი მოდის. ამ მახასიათებლებით, ავტომობილს ადგილიდან ასის
აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, რაც მხოლოდ 0.1 წამით მეტია „სუპერველოჩეს“ კუპესძარიანი
ვერსიის აჩქარებაზე. მაქსიმალური სიჩქარე კი იგივე დარჩა - 350 კმ/სთ.
„სუპერველოჩე როდსტერს“ აქვს მოსახსნელი სახურავი,
რომელიც კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული და ორი სექციისგან შედგება.
თითოეული მხოლოდ 6 კილოგრამს იწონის და დაკეცვის შემდეგ, ისინი საბარგულში არსებულ
სპეციალურ სეგმენტში ინახება.
თითოეული „ავენტადორ სუპერველოჩე როდსტერის“ ფასი 357
000 ევროდან იწყება, შეკვეთების შესრულებას კი იტალიური კომპანია მომავალი წლიდან
დაიწყებს.
No comments:
Post a Comment