Friday, August 21, 2015

„ფორდმა“ „შელბი GT350R მუსტანგის“ წარმოება დაიწყო

First Shelby GT350R Mustang Roars Off The Assembly Line
21 აგვისტო
„ფორდმა“ თავის პოპულარულ მასკლქარ „მუსტანგის“ ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსიის, „შელბი GT350R-ის“ წარმოება დაიწყო. ფლეტ როკის ქარხნის კონვეიერიდან, პირველი ავტომობილი თვით კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა გამოიყვანა. „ეს „მუსტანგის“ ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ GT350 ფორმულა, სიახლეებით, სტილით და მახასიათებლებით, ახალ დონეზე ავიყვანეთ. დღეს ლეგენდა გაგრძელდა“, - განაცხადა ბილ ფორდმა (ფოტოზე, მანქანიდან გადმოსვლისას).

„შელბი GT350“ და „შელბი GT350R“ სწრაფი გზების და ტრეკების ავტომობილებია. ისინი 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 526 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 581 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს, „ტორსენის“ წარმოების გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის დახმარებით უნაწილებს.
მიუხედავად იმისა, რომ წარმოება უკვე დაიწყო, „ფორდს“ ჯერ ახალი „შელბი GT350-ის“ დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, ცნობილია საწვავის ხარჯის მონაცემები. GT350 ქალაქში 20.2 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, მაგისტრალზე ხარჯი 13.5 ლიტრია, შერეული ციკლით მოძრაობისას - 17.7 ლიტრი. GT350R-ს ქალაქში 18.8 ლიტრი ჰყოფნის, მაგისტრალსა და შერეული ციკლით მოძრაობისას კი იგივე მაჩვენებლები აქვს.

რაც შეეხება ფასებს, „შელბი GT350-ის“ საწყისი ფასი 47 795 დოლარია, „შელბი GT350R-ს“ ფასი კი 61 295 დოლარიდან იწყება. ორივე შემთხვევაში, ფასს ტრანსპორტირების ხარჯი ემატება.

No comments:

Post a Comment