F1 race director Charlie Whiting says protected cockpits will happen
25 აგვისტო
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკური
დირექტორი ჩარლი უაიტინგი დარწმუნებულია, რომ მალე ღიაბორბლიანი ავტომობილების
რბოლებში, დაცული კოკპიტის მქონე ბოლიდები დამკვიდრდება. ინდიქარ-ში მომხდარი
ტრაგედიის შემდეგ, FIA-მ განაახლა დახურული კოკპიტების ვარიანტების შემუშავების და
ტესტირების პროგრამა.
პოკონოს ოვალზე რბოლისას, ჯასტინ ვილსონს, წინ
მიმავალი მანქანის ავარიის შედეგად მოტეხილი მსხვილი ფრაგმენტი მოხვდა თავში,
რამაც სასიკვდილო ტრავმა მიაყენა. მსგავსი რამ, ფ2-ის 2009 წლის რბოლისას მოხდა,
როცა ჰენრი სარტიზს თავში სხვა მანქანისგან მომძვრალი საბურავი მოხვდა. იმავე სეზონში,
ბეწვზე გადარჩა ფელიპე მასა, ვისაც უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციისას, თავში წინ
მიმავალი რუბენს ბარიკელოს მანქანისგან მომძვრალი ზამბარა მოხვდა, რამაც უმძიმესი
ტრავმ მიაყენა.
მსგავსმა მიზეზმა გამოიწვია აირტონ სენას დაღუპვა.
იმოლას ტრეკზე რბოლისას, მისი მანქანა მაღალი სიჩქარით კედელს დაეჯახა. ლეგენდარულ
ბრაზილიელს თავის ქალის უმძიმესი ტრავმა, მისივე მანქანისგან მოტეხილმა საკიდარის
ბერკეტმა მიაყენა. მას შემდეგ, ფ1-ის და სხვა ღიაბორბლიანი სერიების ბოლიდების
კოკპიტების კონსტრუქცია შეიცვალა, თუმცა პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია და პილოტის
ყველაზე დაუცველ ადგილად, კვლავ თავი რჩება.
პირველადი პროექტით შეთავაზებული ახალი
კონსტრუქცია, იმავე ტიპის დახურული კოკპიტის (სანთლის) გაკეთებას ითვალისწინებდა,
როგორიც სამხედრო თვითმფრინავებს აქვს. მაგრამ ის ხანგრძლივი ტესტების შემდეგ
უარყვეს, რადგან არადამაკმაყოფილებლად ჩაითვალა გამჭვირვალე ხუფის სიმტკიცე. გარდა
ამისა, სხვადასხვა ტიპის ინციდენტების შემთხვევაში, ასეთი ტიპის კოკპიტი
პილოტისთვის ხაფანგადაც კი შეიძლება იქცეს.
ასევე უარყოფილ იქნა დამცავი რკალების ვარიანრი,
რადგან ასეთი კონსტრუქცია პილოტის ხედვას აუარესებს, რაც თავისთავად, ხიფათის შემცველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად FIA ორი ტიპის კონსტრუქციას განიხილავს. მათგან
ერთი „მერსედესის“ მიერაა შემუშავებული. უაიტინგი ამბობს, რომ ამ ვარიანტში, კონსტრუქცია
არ ფარავს პილოტის თავს, თუმცა იცავს მას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, კოკპიტიდან
პილოტის ევაკუაციასაც არ უშლის ხელს. ეს არის ერთგვარი ფარი (გამჭვირვალე),
რომელიც პილოტის წინ არის განლაგებული და წინხედში მის თავს ფარავს.
მეორე კონსტრუქცია პილოტის თავის წინ, მანქანაზე
ერთგვარი დამცავი ფარფლების განლაგებას ითვალისწინებს. მათ სხვადასხვა სიმაღლე ექნება
და ისე განლაგდება, რომ პილოტს ხედვის სივრცეს არ დაუფარავენ. ორივე ვარიანტს
აუცილებლად ჩაუტარდება ტესტები ბორბლის და სხვადასხვა დიდი საგნის დარტყმაზე,
ხანძარსა და ექსტრემალურ შემთხვევებზე.
უაიტინგი
არ ამბობს, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი აუცილებლად შეირჩევა. ის არ გამორიცხავს
იმასაც, რომ ტესტების შემდეგ, ახალი კონსტრუქციის შემუშავება გახდეს საჭირო. ის
ამბობს, რომ ამ ტიპის კონსტრუქციების კვლევა, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს
და საბოლოო ვარიანტის შერჩევა მეტისმეტად რთულია, რადგან შემთხვევების ფართო
სპექტრია გასათვალისწინებელი.
No comments:
Post a Comment