Monday, August 31, 2015

ახალი „მუსტანგის“ მუხლის აირბალიში

Ford Tells Us More about Their Knee Airbag Available on the 2015 Ford Mustang
17 აგვისტო
„ფორდმა“ ახალი „მუსტანგი“ არაერთი ახალი ტექნოლოგიით აღჭურვა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, მგზავრის მუხლის აირბალიშია, რომელიც სახელთათმანე ყუთის სახურავშია ინტეგრირებული. ამგვარად, ის განცალკევებულ სამუხლე აირბალიშს ცვლის და ნაკლებ ადგილს იკავებს, რითაც მგზავრისთვის გამოყოფილი სივრცე იზრდება.
მუხლის აირბალიში პლასტიკისგანაა დამზადებული და მოთავსებულია სახელთათმანე ყუთის ხუფის გარე და შიდა შრეებს შორის. ყუთის სიგრძე 46 სანტიმეტრია, სიგანე კი - 28 სანტიმეტრი. ცისფერი ოვალის ინფორმაციით, ის სტანდარტულ აირბალიშზე 65 პროცენტით ნაკლებს იწონის. რაც მთავარია, ავარიის შემთხვევაში, იმავე ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს.
თუ შეჯახება მოხდა, ელექტრონული სისტემა მყისიერად რეაგირებს. აირის მცირე გენერატორი აირბალიშს სულ რაღაც, 20 მილიწამში გაბერავს. ამ დროს, სახელთათმანე ყუთის ხუფის ორ ფენას შორის არსებული ბალიში იბერება და გარე ფენა მჭიდროდ ეხება მგზავრის მუხლებს, რომლებსაც დარტყმითი დატვირთვებისგან იცავს. შესაბამისად, მცირდება მძიმე ტრავმის ალბათობა.
„ეს ახალი ტიპის აირბალიშია. მასზე მუშაობის დასაწყისში, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში, ასზე მეტი პროტოტიპი დავაპროექტეთ, რათა მათ შორის საუკეთესო აგვერჩია. ამ კონსტრუქციით, ჩვენ შევძელით ერთ სტრუქტურაში ორი ფუნქციის გაერთიანება, რითაც დავზოგეთ სივრცე, წონა და შევამცირეთ კომპონენტების რიცხვი. ამასთან, პანელი წინ წავწიეთ, რითაც მგზავრისთის მეტი სივრცე შევქმენით“, - ყვება პროექტის ერთ-ერთი ავტორი შონ ვესტი.
უნდა ითქვას, რომ ინტერიერის უსაფრთხოების სფეროში, „ფორდი“ მუდმივად სიახლეების ძიებაშია. და მომხმარებლებს სიახლეებს ხშირად სთავაზობს. მაგალითად, სედანი „მონდეო“ უკანა სავარძლების აირბალიშებითაა აღჭურვილი, რომლებიც მგზავრებს თავის, კისრის და მკერდის ტრავმებისგან იცავს. რაც შეეხება ახალ „მუსტანგს“, მის სტანდარტულ ეკიპირებაში 8 აირბალიში შედის.

No comments:

Post a Comment