Ford Filed a Patent for a Self-driving Car With
Living Room-styled Cabin
24 აგვისტო
მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი საავტომობილო
კომპანია, ამჟამად ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს
და მათგან ერთ-ერთი მოწინავე „ფორდია“, რომელიც ამ მიმართულებით ექსპერიმენტებს და
ტესტებს, უკვე დიდი ხანია, ატარებს. ახლახანს ამერიკულმა კომპანიამ ავტონომიური
ავტომობილი დააპატენტა, რომლის მთავარი თავისებურება, ინტერიერში სავარძლების
განლაგების ცვლილების შესაძლებლობაა, რაც ავტონომიურ რეჟიმში მგზავრობისას, სალონის
სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა.
სავარძლების მოტრიალება და დაკეცვა მაშინაც კი არის
შესაძლებელი, როცა ავტომობილი გადაადგილდება. და ეს ყველაფერი არაა. თუ ავტონომიურ
რეჟიმში მოძრაობისას, სალონში სივრცის გაზრდას მოისურვებთ, ადვილად შეგიძლიათ
საჭის რგოლის მაჩვენებლების დაფაში ჩაკეცვა. უფრო მეტიც, თუ შორ გზაზე ხართ, სალონი
შეიძლება სასტუმრო ოთახადაც გადააკეთოთ. ამ დროს, წინა სავარძლებს 180 გრადუსით მოატრიალებთ
და უკანა მგზავრებთან უშუალო ურთიერთობასაც მოახერხებთ.
პატენტის განმარტებაში ნათქვამია, რომ ავტომობილი
ავტონომიური მართვისთვის საჭირო სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებიც მიღებულ
ინფორმაციას საკონტროლო-მართვის ბლოკს აწვდიან. ამ ბლოკის მიერ გადამუშავებული
ინფორმაცია კი სხვადასხვა ბრძანების სახით, ავტონომიური მართვის სისტემებს მიეწოდება,
რაც ავტომობილს დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
„ფორდის“ ხედვით, თვითმავალ ავტომობილებს
მგზავრებისგან დასჭირდბა მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღება, რაც მგზავრობას უკავშირდება.
მაგალითად, დანიშნულების ადგილს. ამგვარად, მოძრაობისას მგზავრებს შეუძლიათ,
საერთოდ არ მიაქციონ ყურადღება მართვას და იკითხონ, ინტერნეტით ისარგებლონ, ყავა დალიონ,
ან თუნდაც ფილმს უცქირონ.
როგორც
„ფორდის“ პრესმდივანი საიდ დიპი ამბობს, სხვადასხვა სიახლეების დაპატენტება სულაც
არ ნიშნავს იმას, რომ მათ კომპანია აუცილებლად დანერგავს. უბრალოდ, პატენტი ახალი
იდეების დაცვისთვის გამოიყენება, რომელთაგან ზოგი მოხვდება სერიულ ავტომობილებზე,
ზოგიც - არა.
No comments:
Post a Comment