Sunday, August 2, 2015

ფინეთის რალი ლატვალამ მოიგო

WRC Rally Finland: Jari-Matti Latvala beats Sebastien Ogier to win
2 აგვისტო
იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რბოლა - ფინეთის რალი, რომელსაც ხშირად მსოფლიო ჩემპიონატს და ათასი ტბის რალისაც უწოდებენ ხოლმე. ლატვალამ დაძაბულ პაექრობაში აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს, თანაგუნდელ სებასტიან ოჟიეს.
ლატვალამ ოჟიე რბოლის პირველი ნახევრის შემდეგ ჩამოიტოვა და მალე მისმა უპირატესობამ 13 წამს მიაღწია. კვირის პირველივე სპეცმონაკვეთზე გამარჯვების შემდეგ კი აშკარა ფავორიტი გახდა. მართალია, სუპერ სპეცმონაკვეთი ოჟიემ მოიგო, მაგრამ ლატვალამ მეორე ადგილი დაიკავა, რაც საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.
ოჟიემ, რომელიც ფინურ რბოლაში მეორე ადგილს დასჯერდა, ზედიზედ მესამე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - კლასიფიკაციაში მეორეზე მყოფ ლატვალას 89 ქულას უგებს. „ფოლკსვაგენის“ ორი ეკიპაჟის უკან, მესამე ადგილი ნორვეგიელმა მადს ოსტბერგმა დაიკავა.
საინტერესოა, რომ სპეცმონკვეთებზე, რბოლის გამარჯვებულის საშუალო სიჩქარემ 125.44 კმ/სთ შეადგინა, რაც რალის მსოფლიო ჩემპიონატების ახალი რეკორდია. წინა რეკორდიც (122.89 კმ/სთ) ფინეთის რალიზე, 2012 წელს დამყარდა. ამგვარად, ფინური რალი, რომელიც ტრადიციისამებრ, გრუნტიან გზებზე ტარდება, კვლავაც უსწრაფესია მსოფლიო ჩემპიონატზე.
„ეს განსაკუთრებული გამარჯვებაა. მართლა ძალიან კარგად ვიასპარეზე. პოლონური ეტაპის შემდეგ, სამი კვირა ამ რბოლისთვის მოსამზადებლად გამოვიყენე. ჩემპიონობის შანსი აღარ მაქვს, მაგრამ აქ გამარჯვებას ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ლატვალამ.
მომდევნო ეტაპი 23 აგვისტოს, გერმანიაში ჩატარდება.

ფინეთის რალი
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         2:33:03.800
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           +00:13.700
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     01:36.800
4. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          03:58.700
5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                                04:29.300
6. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ფორდი)                             04:44.300
7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            06:20.300
8. ესაპეკა ლაპი (ფინეთი, შკოდა)                                     07:11.200
9. პონტუს ტიდემანდი (შვედეთი, შკოდა)                    08:52.200
10. ლორენცო ბერტელი (იტალია, ფორდი)                   09:37.400

No comments:

Post a Comment