Saturday, August 15, 2015

კონცეპტი „ბეემვე 3.0 CSL ჰომეჯ R“ პებლ ბიჩში

BMW 3.0 CSL Hommage R Concept Proudly Wears BMW Motorsport's Livery
14 აგვისტო
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ ორი კონცეპტუალური ავტომობილი - M4 GTS-ი და „3.0 CSL ჰომეჯ R“ წარადგინა. მეორე არის ასევე კონცეპტუალური „CSL ჰომეჯ R-ის“ ახალი ვერსია, რომლითაც ბავარიული კომპანია, ამერიკულ ბაზარზე შესვლისა და რბოლებში 3.0 CSL-ის წარმატებების (1975 წელს) 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გერმანულმა კომპანიამ „CSL ჰომეჯ R-ი“ პირველად ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის წლევანდელ კონკურსზე წარადგინა. ამჯერად ის „ბეემვე მოტორშპორტის“ საფირმო ფერებშია გამოწყობილი, რომლითაც ბავარიელებმა IMSA-ს სერიაში, მწარმოებელთა ჩემპიონატზე, 1975 წელს პირველივე ცდაზე გაიმარჯვეს. სარბოლო ნომერიც კი იმ გამარჯვების აღსანიშნად დაიტოვეს. გარდა ამისა, კონცეპტუალურ ავტომობილს, თავისი სარბოლო წინპრის მსგავსად, საქარე შუშაზე წარწერა „ბავარიან მოტორ ვორკს“ ამშვენებს.
კონცეპტუალური ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით და დეფლექტორებითაა აღჭურვილი. მას განიერი საბორბლე თაღები (რომლებიც ალუმინის 21-დუიმიან ბორბლებს იტევს) და დიდი ზომის უკანა სპოილერი ამშვენებს. ეს უკანასკნელი, უკანა აეროდინამიკური ელემენტების ერთგვარი გაგრძელებაა და უკანა ფარებსაც აკავშირებს ერთმანეთთან. წინა ფარები ლაზერული და LED ტექნოლოგიების კომბინაციას წარმოადგენს. ლაზერულ სეგმენტებში, ცისფერი X-ფორმის დღის ფარები მოთავსდა.
ინტერიერი კოკპიტის სტილშია შესრულებული და ის მთლიანად პილოტზეა ორიენტირებული. „ბეემვე“ ირწმუნება, რომ მონოპოსტის პროექტირების დაწყებამდე, ინჟინრებმა პილოტის ჩაფხუტი, კომბინეზნი და სარბოლო სავარძელი შეიმუშავეს. ამის შემდგ კი ინტერიერის მოწყობასაც მიხედეს. ჩაფხუტის ვიზორს დისპლეის ფუნქციაც გააჩნია და ინფორმაციას (ავტომობილის სიჩქარე, ჩართული გადაცემის საფეხური, ძრავის ბრუნვები და სხვა), სიტუაციიდან გამომდინარე იძლევა. სარბოლო კომბინეზონი „პუმას“ მიერაა დამზადებული. „ბეემვეს“ თქმით, ის ორგანულად აკავშირებს პილოტს კოკპიტთან. 

სავარძლები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა, რაც გრეხვითი დატვირთვებისადმი მათს წინააღმდეგობას ზრდის. ამასთან, პილოტის სავარძლის გვერდთა ნაწილები, პილოტის ტანის აგებულების შესაბამისად მზადდება და მას ზუსტად ერგება. სავარძლები უსაფრთხოების ექვსწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი. უნდა ითქვას, რომ კარბონის კომპოზიტი ის მასალაა, რომლისგანაც დამზადდა როგორც ავტომობილის მზიდი სტრუქტურის ძირითადი ნაწილი, ასევე ძარის ელემენტების უმეტესობა.
„CSL ჰომეჯ R-ი“ აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით, რომლის შესახებაც გერმანული კომპანია ყურადღებას არ ამახვილებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილს ასევე სისტემა „ებუსტი“ ემსახურება, რომელიც ელექტრო ძრავის და ტურბო კომპრესორის კომბინაციაა. ელექტრო ძრავი, იმ ჭარბი თბური ენერგიით იკვებება, რომელიც ტურბინის მუშაობისას გამოიყოფა და სპეციალური სისტემის დახმარებით, ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. აგრეგატის მახასიათებლებს ბავარიელები არ აქვეყნებენ.

No comments:

Post a Comment