Motor racing-Hamilton secures pole trophy with 10
out of 11
22 აგვისტო
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ამ
სეზონში ერთი ტიტული, პოულების ტროფი უკვე მოიპოვა. 11 საკვალიფიკაციო რბოლიდან
მან მეათე მოიგო. სპა ფრანკორშანის ტრეკი მან ყველაზე სწრაფად და უშეცდომოდ გაიარა
და რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მის გვერდზე კი პოულების ტროფის გასული
სეზონის გამარჯვებული (შარშან ის პირველად გათამაშდა) ნიკო როსბერგი დადგება.
სხვათა შორის, „მერსედესის“ პილოტებმა სპას რბოლა
შარშანაც მოწინავე პოზიციებიდან დაიწყეს, ოღონდ მაშინ პოულზე როსბერგი იდგა. მეორე
მოსახვევში კი ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ. მაშინ ჰამილტონმა განაცხადა, რომ
როსბერგი მას გამიზნულად დაეჯახა. სტარტზე ჰამილტონმა გასწრება შეძლო, როსბერგმა
კი რბოლის დასაწყისშივე სცადა პოზიციის დაბრუნება და თავისი „მერსედესის“ ცხვირით,
თანაგუნდელის მანქანის უკანა საბურავი დააზიანა. როსბერგმ რბოლა მეორე ადგილზე
დაასრულა და დაჯილდოებისას მაყურებლის უკმაყოფილო შეძახილები დაიმსახურა,
ჰამილტონი კი ასპარეზბას ხუთი წრის შემდგ გამოეთიშა. გამარჯვება „რედ ბულის“
დანიელ რიკარდომ მოიგო.
მაშინ ჩემპიონატის ლიდერი როსბერგი იყო, ამჯერად კი
წინ ჰამილტონია, რომელიც გერმანელს 21 ქულას უგებს. როსბერგი პირველ ორ პრაქტიკაზე
უსწრაფესი იყო, თუმცა კვალიფიკაციაზე ბრიტანელმა დაახლოებით ნახევარი წამით აჯობა.
ჰამილტონი თანაგუნდელს განსაკუთრებით ბევრ დროს ტრასის მეორე სექტორში უგებდა. ორგზის
ჩემპიონისთვის ეს ამ სეზონში ზედიზედ მე-6, კარიერაში კი 48-ე პოულია. მიხაელ შუმახერის
2000-01 წლებში (ფერარი) დომინაციის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე
პილოტი ზედიზედ ექვსი პოულის მოგებას ახერხებს.
მაგრამ პოული რბოლის მოგება არაა. მითუმეტეს თუ
გავიხსენებთ, რომ ჰამილტონს და საერთოდ „მერსედესს“, ბოლო დროს სტარტზე პრობლემები
აქვთ. მითუმეტეს, ბელგიური ეტაპიდან, ინჟინრებს პილოტებისთვის რჩევების ბოქსიდან
მიცემის უფლება აღარ აქვთ და კარგი სტარტის აღება და „მანქანასთან ურთიერთობა“
ამიერიდან მეტწილად პილოტის საქმეა.
ამ სიტუაციით სარგებლობის იმედი აქვს როსბერგს, რომელიც
იმედოვნებს, რომ სტარტზევე მიეცემა დაწინაურების შანსი. ის ამის გაკეთებას მეხუთე
მოსახვევში, დაღმართში აპირებს და ამბობს, რომ იქ გასწრების გაცილებით მეტი
შანსია, ვიდრე სტარტსა და პირველ მოსახვევში.
არ გაუმართლა „ფერარის“, რომლისთვისაც ეს ფ1-ში
მე-900 რბოლაა. კიმი რაიკონენს ძრავი გაუჩერდა და ამის გამო, ფინელმა
კვალიფიკაციის მეორე ნაწილში დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო. მხოლოდ მეცხრე დრო
ჰქონდა მის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს. ვალტერი ბოტასს მესამე დრო ჰქონდა და ის პოულს
თითქმის წამნახევრით ჩამორჩა. თუ მოწინავეთა შორის მისი ყოფნა არავისთვის
გასაკვირი არაა, სიურპრიზი იყო რომენ გროჟანის მეოთხე და სერხიო პერესის მეხუთე დრო.
საინტერესოა, რომ პირველ ხუთეულში მხოლოდ „მერსედესის“ აგრეგატებით მოასპარეზე
გუნდები მოხვდნენ და მხოლოდ მათ უკან აღმოჩნდა რიკარდო. თუმცა ტრანსმისიის შეცვლის
გამო, გროჟანს ხუთი ადგილით უკან დადგომა მოუწევს.
კურიოზული
შემთხვევა აქვთ „მაკლარენის“ პილოტებს. აგრეგატების შეცვლის გამო, მათ ჯამში 55 ადგილით
უკან დაწევა ჯერ კიდევ თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ უწევდათ. მაგრამ ფერნანდო
ალონსოს და ჯენსონ ბატონს, „ჰონდამ“ კიდევ ერთხელ შეუცვალა ძალური დანადგარები,
რის გამოც, ჯამში მათ 105 ადგილით უკან დაწევა მოუწევთ. მაგრამ რამდენადაც სტარტზე
მხოლოდ 24 ადგილია, ამიტომ მხოლოდ პელოტონის ბოლოში დადგომით „მოიხდიან სასჯელს“
და მათ საბოლოო დროებს არც საჯარიმო წამები დაემატება, რადგან ამას რეგლამენტი
აღარ მოითხოვს.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:47.197
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:47.655
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:48.537
4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:48.561
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:48.599
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:48.639
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:48.685
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:48.754
9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:48.825
10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:49.771
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:49.121
12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:49.228
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:49.586
14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) დროის გარეშე
15. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) დროის გარეშე
- - - - - - - - - -
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:49.952
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:50.978
18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:51.420
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:52.948
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:53.099
No comments:
Post a Comment