Sunday, July 12, 2015

სებასტიან ლოები შეიძლება WRC-ში დაბრუნდეს

Citroen boss Matton wants Sebastien Loeb back in WRC in 2016
12 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან სებასტიან ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდეს და მეათე ტიტულისთვის იბრძოლოს. WRC-ში შესაძლო დაბრუნების თაობაზე, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონთან დალაპარაკებას „სიტროენის“ გუნდის შეფი ივ მატონი აპირებს.
ამჟამად ლოები ტურინგის კლასში მაოფლიო ჩემპიონატზე (WTCC), სწორედ „სიტროენის“ გუნდის მანქანით ასპარეზობს. მაგრამ ამ სეზონის ბოლოს, კონტრაქტი უმთავრდება. თუმცა, იმავდროულად, ის ფრანგული კომპანიის კეთილი ნების ელჩია და მის ინტერესებზე ზრუნავს. 41 წლის ლოები პერიოდულად WRC-ს ცალკეულ რბოლებშიც ასპარეზობს და ერთხელ პაიკს პიკის აღმართის რბოლაშიც გამოვიდა (პეჟოს სპეციალური ავტომობილით), სადაც რეკორდული დროით გაიმარჯვა.
„ამჟამად რალის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სისუსტე ისაა, რომ იქ მხოლოდ ორი ისეთი მრბოლია, რომლებსაც რბოლების და ტიტულების მოგება შეუძლიათ. მათგან ერთი, სებასტიან ოჟიე, ჩემპიონატში ასპარეზობს, მეორე კი - ლოები, ტურინგის ჩემპიონატშია“, - ამბობს მატონი.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა WRC-ში ლოების მიწვევას, „სიტროენის“ შეფი პასუხობს: „სებასტიანი ჩვენი ბრენდის ელჩია და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ვილაპარაკებთ მის სამომავლო გეგმებზე, რას აპირებს მომავალ სეზონში. ვფიქრობ, მას მოსწონს, რასაც ახლა აკეთებს. რა თქმა უნდა, ხანდახან არაა სასიამოვნო, როცა მოგებას ვერ ახერხებ. მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ამბავია, როცა მასავით ჩემპიონი ხარ და ყოველ უქმეზე გამარჯვება გსურს. მაგრამ ეს გაცილებით რთულია WTCC-ში, ვიდრე WRC-ში იყო, რადგან აქ გამარჯვება უფრო მეტს შეუძლია. გვინდა, მას WRC-ში დაბრუნება შევთავაზოთ. მაგრამ არ მგონია, რომ მან სრულ ჩემპიონატში ასპარეზობა ისურვოს“.
ახლახანს ლოებმა „პეჟოს“ სარბოლო 2008 DKR-ის ტესტებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დაკარის რალი მარათონში საასპარეზოდ ემზადება. და არაა გამორიცხული, რომ დაკარზე ფრანგი სუპერ ვარსკვლავიც ვიხილოთ. და ამ შემთხვევაში, WRC-ს სრულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნება.

No comments:

Post a Comment