Honda against power cap for F1 engines
30 ივლისი
„ჰონდა“ თვლის, რომ არასწორი იქნება, თუ ფორმულა
1-ში ძრავების სიმძლავრის მაქსიმუმს დააწესებენ. სიმძლავრის შეზღუდვის მომხრეები
თვლიან, რომ ამგვარად ძრავების მწარმოებლებს შორის კონკურენცია გაძლიერდება და
ისინი დაახლოებით თანაბარი სიმძლავრის აგრეგატების დამზადებას შეძლებენ. შეზღუდვას
ბერნი ეკლსტოუნიც ემხრობა. ის თვლის, რომ მხოლოდ ამგვარად შეძლებენ „რენო“ და „ჰონდა“,
„მერსედესთან“ და „ფერარისთან“ ჩამორჩენის შემცირებას, რადგან ეს ორი, გარკვეული
ზღვრის მიღწევის შემდეგ, განვითარებას ვეღარ მოახერხებს.
რა თქმა უნდა, ასეთი შეზღუდვის წყალობით, „ჰონდა“
გაცილებით სწრაფად შეძლებს განვითარებას და „მაკლარენთან“ ერთად, მოწინავეთა
რიგებში მისი დაბრუნებაც უფრო გაადვილდება. მაგრამ იაპონური კომპანიის
მოტორსპორტის შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ ის ამგვარი დახმარებით დაინტერესებული
არ არის. „ეს უცნაური იდეაა. ეს ფორმულა 1-ის შესაფერისი არაა. იმედი მაქვს, რომ
არანაირ სიმძლავრის შეზღუდვას არ დააწესებენ“, - ამბობს არაი.
„ჰონდა“ არ მალავს, რომ ფ1-ში მისი დაბრუნების
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, კონკურენტული გარემო და ინჟინრული გამოწვევებია. სწორედ
ამიტომ არ სურს არაის და მის გუნდს რეგლამენტის შეცვლა და სიმძლავრის შეზღუდვის შემოღება.
მას მიაჩნია, რომ მხოლოდ სოლიდური პროგრესის შემთხვევაში შეძლებს „მაკლარენთან“
ერთად უკეთესი შედეგების მიღწევას და ელიტაში დაბრუნებას. და ის ამ გამოწვევას არ
გაურბის.
„უკეთეს შედეგებს რეგლამენტის შეცვლით კი არა,
ჩვენი გარჯის წყალობით უნდა მივაღწიოთ. მიზან გამოკვეთილია - ვაჯობოთ მერსედესს.
რა თქმა უნდა, ისინი კიდევ უფრო გაძლიერდებიან, მეტ სიმძლავრეს მიაღწევენ. ამიტომ მუდმივად
უნდა ვდიოთ და დადგება მომენტი, როცა გავასწრებთ. ეს კონკურენციაა და სწორედ ეს
არის ფორმულა 1. ეს ძალიან საინტერესო და ძნელია. იმედი მაქვს, მათ მალე დავეწევით
და გავასწრებთ“, - ამბობს არაი.
კითხვაზე, „ჰონდა“ შეძლებს თუ არა ამ სეზონშივე „მერსედესთან“
მიმართებაში პროგრესირებას, არაი პასუხობს: „კი, კი, კი. ისინი ძალიან ძიერები
არიან და ამიტომ, დრო გვჭირდება, მაგრამ მიზანი არ შეცვლილა - ისინი ძლიერები
არიან, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მათი დამარცხება“.
No comments:
Post a Comment