Giorgetto Giugiaro Quits His Company, Audi Buys
Remaining Stake
3 ივლისი
საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე
გამორჩეულმა დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ, საკუთარი კომპანიის აქციების მის ხელთ
არსებული პაკეტიც მიჰყიდა „აუდის“, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი „იტალდიზაინს“
სრულად დაეუფლა. აქციების გაყიდვის პარალელურად, ჯუჯარომ კომპანიის ხელმძღვანელის
პოსტიც დატოვა.
2010 წელს ჯუჯარომ „იტალდიზაინის“ აქციების 90.1
პროცენტი „აუდის“ მიჰყიდა, დარჩენილი 9.9 პროცენტი კი თავისთვის და თავის შვილ
ფაბრიციოსთვის დაიტოვა. ჯორჯეტო და ფაბრიციო აქამდე „იტალდიზაინის“ მმართველი
საბჭოს წევრები იყვნენ, თუმცა აქციების დარჩენილი წილის გაყიდვის შემდეგ, საბჭოც
დატოვეს.
„იტალდიზაინ ჯუჯაროს“ ოფიციალურ რელიზში წერია, რომ
ჯორჯეტო თანამდებობას ტოვებს, რათა უფრო მეტი დრო დაუთმოს პირად ინტერესებს,
რომლებზეც კონკრეტული არაფერია ცნობილი. იმავდროულად, ატელიემ გამოაცხადა, რომ
მალე თავის შტატს 250 ახალი თანამშრომლით შეავსებს.
ლეგენდარულ დიზაინერს ბევრი წარმატებული პროექტი
აქვს შესრულებული. მის ნამუშევრებს შორისაა „ფოლკსვაგენ გოლფი“, „ფიატ პუნტო“,
„აუდი 80“, „ფიატ პანდა“, „ლოტუს ესპრიტი“, „ალფა რომეო ბრერა“, „მაზერატი ბორა“
და სხვა. ჯორჯეტო ჯუჯარომ საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობა 17 წლისამ დაიწყო.
მაშინ ის „ფიატის“ თანამშრომელი გახდა. თავის კარიერაში, მას 100-ზე მეტი სერიული
ავტომობილი აქვს დაპროექტებული.
No comments:
Post a Comment