Sunday, July 5, 2015

ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი მესამედ მოიგო

Motor racing-Hamilton wins British Grand Prix in Mercedes one-two
5 ივლისი
ვინ იფიქრებდა, რომ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლა ასე დაიწყებოდა - ფელიპე მასამ სტარტზევე ორივე „მერსედესს“ უგანა და კარგა ხანს წინ არავინ გაუშვია. უფრო მეტიც, ვალტერი ბოტასმა პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მაინც შეძლო ორივე „მერსედესის“ ჩამოტოვება და თანაგუნდელსაც კი შეუტია... მოკლედ, ასეთი სტარტის შემხედვარე, ეჭვიც კი შეგეპარებოდათ იმაში, რომ წინა რვა რბოლიდან, შვიდი სწორედ სამქიმიანებს აქვთ მოგებული და მათი ორივე პილოტი დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.
...და ეს რბოლაც მათ მოიგეს, ისევ დამაჯერებლად. ოღონდ, ამაში ამჯერად ალბიონის განუყრელი მეგობარი - წვიმა დაეხმარა, რომელმაც რბოლის ბოლოს გვარიანად აურია ყველაფერი და ასეთ ვითარებაში, გერმანული გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. რბოლის გმირები, „უილიამსის“ პილოტები კი კვარცხლბეკის მიღმა აღმოჩნდნენ. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ მათ წვიმის საბურავების დაყენებისთვის დრო სწორად ვერ შეარჩიეს.
გამარჯვება ლუის ჰამილტონმა მოიპოვა, ვისთვისაც ეს სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 38-ე მოგებული დიდი პრიზია. ამ მოგებით, მისი უპირატესობა ნიკო როსბერგთან ისევ 17 ქულამდე გაიზარდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჰამილტონი სულ მესამე ბრიტანელი მრბოლია, ვისაც საშინ რბოლა სამჯერ აქვს მოგებული. მანამდე ეს მხოლოდ შოტლანდიელებმა, ჯიმი კლარკმა და ჯეკი სტიუარტმა შეძლეს. ეს გამარჯვება ჰამილტონმა 140 000 მაყურებლის წინაშე მოიპოვა.
„ეს გამარჯვება ძალიან მინდოდა და მას თქვენ გიძღვნით. ძალიან მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. ყოველ წრეზე, ჩემს მზერაში ყოველთვის ჩანდნენ ქომაგები, რაც დამატებით ენერგიას მანიჭებდა. ისეთი კმაყოფილი ვარ, ვერ წარმოიდგენთ“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სტარტზე მასას დაწინაურებას, თავისი ცუდი სტარტით შეუწყო ხელი - ბორბლები ადგილზე მოუსრიალდა, რამაც მყისიერად შეაყოვნა და სწორედ ამით ისარგებლა მასამ.
როსბერგმა განაცხადა, რომ ჰამილტონმა საუკეთესო დროს გამოცვალა რეზინი და საბოლოოდ, რბოლაც ამან მოაგებინა: „რბოლის მიწურულს, რთულ პირობებში, რაც შემეძლო ვაწვებოდი, მაგრამ ლუისმა კარგ დროს შეცვალა საბურავები და სწორედ აქ წავაგე. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას“. როსბერგმა სველ ტრასაზე ჰამილტონთან შედარებით, ერთი წრით მეტი გაატარა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა.
ფელიპე მასამ ბრწყინვალე სტარტი აიღო და სტარტზევე ორივე „მერსედესი“ ჩამოიტოვა. მასავით კარგი სტარტი აიღო ვალტერი ბოტასმაც, რომელმაც როსბერგს გაუარა და ჰამილტონსაც შეუტია, მაგრამ ბრიტანელმა პოზიციის დაცვა შეძლო. პირველ წრეზე ავარია მოხდა - ერთმანეთს რომენ გროჟანი და ფერნანდო ალონსო, რის შედეგადაც, ფრანგი და... ჯენსონ ბატონი ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საქმე ისაა, რომ გროჟანთან კონტაქტის შემდეგ, ალონსოს „მაკლარენი“ თანგუნდელის მანქანას დაეჯახა. ალონსოს ბოლიდზე ცხვირი კი გახდა შესაცვლელი, მაგრამ მტავარია, რომ მან რბოლის გაგრძელება შეძლო და საბოლოოდ, პირველი ქულის აღებაც მოახერხა.
რესტარტზე ჰამილტონმა მასას გასწრება სცადა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა, მოსახვევში ზედმეტად სწრაფად შესვლა სცადა და იქიდან გამოსვლა დაუგვიანდა. ამით კი უმალ ისარგებლა ბოტასმა. იქვე ჰამილტონს როსბერგმაც შეუტია, მაგრამ ამ დროს ბრიტანელს თავის მანქანაზე კონტროლი უკვე სრულად ჰქონდა აღდგენილი. ბოტასმა რამდენჯერმე შეუტია მასას, მაგრამ ბრაზილიელი ადვილად ახერხებდა პოზიციის შენარჩუნებას. სხვათა შორის, ფინელს ბოქსიდან რადიოთი ურჩიეს, შეტევები არ გინდაო, მაგრამ ის ჯიუტად ცდილობდა დაწინაურებას.
ეს ერთი წრით მოახერხა კიდეც მას შემდეგ, რაც მასამ 21-ე წრეზე პირველი პიტ სტოპი შეასრულა. როცა მოწინავე ოთხეულმა ბოქსებში ვიზიტები შეასრულა, წინ ჰამილტონი გავიდა, რომელსაც კვალში მასა და ბოტასი ჩაუდგნენ, როსბერგი კი ისევ მეოთხეზე დარჩა.
მალე გაწვიმდა, თუმცა თავიდან წვიმა ტრასას ალაგ-ალაგ ასველებდა, რამაც გუნდებს და პილოტებს საწვიმარ რეზინზე გადასვლის გადაწყვეტილება გაურთულა. მაგალითად, კიმი რაიკონენმა ეს ზედმეტად ადრე გააკეთა, რის გამოც, ბევრი დრო დაკარგა. სამაგიეროდ, ჰამილტონი არ შემცდარა - ლიდერთა შორის მან პირველმა გადაწყვიტა ინტერმედიატზე გადასვლა და ამან კარგი სამსახური გაუწია. თუ „მერსედესის“ მანქანებს სველ ტრასასთან შეგუება არ გასჭირვებია, „უილიამსი“ რადიკალურად შეიცვალა. მისი პილოტები იმდენად უმწეოები იყვნენ, რომ როსბერგისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლეს. უფრო მეტიც, მათ სებასტიან ფეტელმაც გაასწრო, რომელმაც სხვებზე ადრე (და რაიკონენზე გვიან) გადაწყვიტა საბურავების შეცვლა. და საბოლოოდ სწორედ ამის წყალობით შეძლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურის დაკავება.

ბრიტანეთის დიდი პრიზი
სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891 კი, 52 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:31:27.729
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:10.956
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:25.443
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:36.839
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     01:03.194
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        01:03.955
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:18.744
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1 წრე
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1 წრე
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1 წრე
11. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1 წრე
12. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          3 წრე
13. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      3 წრე
გ. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო)                     21 წრე
გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            31 წრე
გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             49 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          51 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 52 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    52 წრე
სტ.გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                  52 წრე
 
შენიშვნა: - გ - გამოეთიშა
სტ.გ - სტარტის გარეშე
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:37.093, 29-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 194 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 177; 3. სებასტიან ფეტელი - 135; 4. ვალტერი ბოტასი - 77; 5. კიმი რაიკონენი - 76; 6. ფელიპე მასა - 74; 7. დანიელ რიკარდო - 36; 8. დანილ კვიატი - 27; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 24; 10. რომენ გროჟანი - 17; 11. ფელიპე ნასრი - 16; 12. სერხიო პერესი - 15; 13. პასტორ მალდონადო - 12; 14. მაქს ფერსტაპენი - 10; 15. კარლოს საინსი - 9; 16. მარკუს ერიქსონი - 5; 17. ჯენსონ ბატონი - 4; 18. ფერნანდო ალონსო ; 19. რობერტო მერი - 0; 20. უილ სტივენსი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 371 ქულა; 2. ფერარი - 211; 3. უილიამს-მერსედესი - 151; 4. რედ ბულ-რენო - 63; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 39; 6. ლოტუსი-მერსედესი - 29; 7. ზაუბერ-ფერარი - 21; 8. ტორო ტოსო-რენო - 19; 9. მაკლარენ-ჰონდა - 5; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment