Friday, July 31, 2015

„მაკლარენისთვის“ სეზონი უნგრეთში დაიწყო

Hungarian GP points real start of McLaren's F1 season – Honda
30 ივლისი
„ჰონდაში“ დარწმუნებულები არიან, რომ „მაკლარენისთვის“ რეალურად სეზონი უნგრეთის დიდი პრიზით დაიწყო. ასეთი ოპტიმიზმის საბაბს მათ აძლევს არა იმდენად ფერნანდო ალონსოს მეხუთე ადგილი, არამედ ის ფაქტი, რომ რბოლა ორივე პილოტმა დაასრულა და თანაც, ქულებში - ჯენსონ ბატონი მეცხრე ადგილზე გავიდა და მანაც ქულები აიღო.
მართალია, „მაკლარენი“ და „ჰონდა“ ამ სეზონში მათთვის უჩვეულო, აუტსაიდერის პოზიციაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც საყოველთაო ყურადღების ცენტრში იმყოფებიან. ამის მთავარი მიზეზი, იაპონური კომპანიის მიერ შემუშავებული ძალური დანადგარის სისუსტე და არასაიმედობაა. მართალია, პირველი სეზონისგან ბევრს არც არავინ ელოდა, მაგრამ არც პელოტონის მაჩანჩალობაზე ფიქრობდა ვინმე.
„ჰონდას“ დანადგარის არასაიმედობის გამო, ალონსომ და ბატონმა ავსტრიაში ძრავების ლიმიტების ზღვარი გადალახეს და ამის გამო, სტარტზე პოზიციები დაკარგეს. თუმცა უნგრეთის რბოლამ აჩვენა, რომ „ჰონდამ“ როგორც იქნა გააუმჯობესა თავისი აგრეგატი, რომელმაც ორივე მანქანაზე სრულ რბოლას, თანაც გაუსაძლის სიცხეში, გაუძლო.
„ამ სეზონში პირველად, ჩვენ ორივე მანქანით ფინიშს მივაღწიეთ. ამიტომ, ჩვენთვის სეზონი სწორედ აქ დიწყო. გაზრდილი სიმძლავრე დაგვეხმარა. ჩვენ ძალიან, ძალიან გაგვიმართლა“, - გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა „ჰონდას“ მოტორსპორტის შტოს შეფმა იასუჰისა არაიმ. ის კმაყოფილი დარჩა ძალური დანადგარის მუშაობით მთელი სარბოლო უიკენდს განმავლობაში. ერთადრთი გაუმართაობა, კვალიფიკაციის დროს წარმოიქმნა, როდესაც დაზიანებულმა ელექტრონიკამ, ალონსოს მეორე ნწილში დროის დაფიქსირების საშუალება არ მისცა.
„კვალიფიკაციის შემდეგ, ძალიან გაწბილებულები ვიყავით. მაგრამ რბოლისთვის სისტემაში რაღაც შევცვალეთ და ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, ფერნანდო ფანტასტიური, ბრწყინვალე მრბოლია. მოკლედ, კარგი დღე გვქონდა. ძრავის მონაცემები მთელი უიკენდის განმავლობაში კარგი იყო“, - ყვება არაი.
არდადგების დროს, გუნდები ქარხნებს ორი კვირით ხურავენ, რაც სპორტული რეგლამენტის მოთხოვნაა. მაგრამ ძრავების მწარმოებლებზე ეს ვალდბულება არ ვრცელდება და ამიტომ, „ჰონდა“ მუშაობას გააგრძელებს, რათა ბელგიისთვის კიდევ უფრო უკეთესი აგრეგატი მოამზადოს. არაი ამბობს, რომ სპას და მონცას რბოლებისთვის, ძრავს უფრო მეტი სიმძლავრით მუშაობის საშუალებას მისცემენ - აგრეგატმა ჰუნგარორინგზე საიმედობა გამოავლინა და სიმძლავრის კიდევ უფრო მომატების საბაბიც ესაა.

No comments:

Post a Comment