Wednesday, July 22, 2015

“ბერტონეს“ კონცეპტების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

Museo Bertone: a settembre va all’asta
22 ივლისი
ძარების მწარმოებელ და დიზაინის ატელიე „ბერტონეს“ მუზეუმის ექსპონატები - 79 ავტომობილი, აუქციონზე გაიყიდება. მათ შორისაა სუპერ ავტომობილები, სერიული მოდელების და კონცეპტუალური მაკეტები. როგორც იტალიური გამოცემა „ალვოლანტე“ იტყობინება, კოლექციის საწყისი ფასი სულ რაღაც, 1.06 მილიონი ევროა. თუმცა ამ საქმის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აუქციონის მსვლელობისას, ზოგიერთ ექსპონატზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
გასაყიდ ავტომობილებს შორისაა „ლამბორგინის“ ისტორიაში ისეთი გამორჩეული მოდელები, როგორებიცაა „მიურა“ და „კოუნტაჩი“, „ფიატ X1/9“, „ალფა რომეო მონრეალი“, ასევე კონცეპტუალური ავტომობილები - „ლანჩა სტრატოს ზერო“, „ბერტონე ნივოლა“, „შევროლე რამარო“ და „იაგუარ B99“.
აუქციონის მთავარი პირობა ისაა, რომ ავტომობილების შეძენა მხოლოდ კოლექციის სახითაა შესაძლებელი და გაყიდვის შემდეგაც ერთიან კოლექციად უნდა დარჩეს. ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ, იტალიის კულტურის სამინისტრომ მიიღო. უფრო მეტიც, მყიდველს ავტომობილების იტალიის საზღვრებს გარეთ გატანის უფლება არ ექნება. დაბოლოს, არაერთ ექსპონატს მნიშვნელოვანი რესტავრაცია ესაჭიროება. აუქციონი სექტემბერში ჩატარდება და მუზეუმის ავტომობილებთან ერთად, მასზე თავად ატელიეც გაიყიდება. მისი საწყისი ფასი 3.0 მილიონი ევროა.
„ბერტონე“ შარშან გაკოტრდა. სანამ ეს მოხდებოდა, მისმა ხელმძღვანელობამ, რამდენიმე კომპანიასთან გამართა მოლაპარაკება. მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. უფრო ადრე, როცა „ბერტონს“ კრიზის დაეწყო, მას რესტრუქტურიზაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, მისი ძარების მწარმოებელი და დიზაინის ატელიე გააცალკევეს. ამის შემდეგ, ძარების მწარმოებელი შტოს საწარმო „ფიატმა“ შეისყიდა, რაშიც მას იტალიის მთავრობა დაეხმარა.

No comments:

Post a Comment