Kimi Raikkonen as fast as F1 team-mate Sebastian Vettel – Ferrari
22 ივლისი
„ფერარის“ ფ1-ის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი
ამბობს, რომ კიმი რაიკონენი ისევე სწრაფია, როგორც სებასტიან ფეტელი, თუმცა გერმანელი
პილოტი მასზე ნაკლებ შეცდომას უშვებს. ბრიტანელი ინჟინერი ამ სეზონში ფეტელის მხოლოდ
ერთ შეცდომას იხსენებს, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ბაჰრეინის დიდი პრიზის
რბოლის 36-ე წრეზე, ბოლო მოსახვევში დაუშვა. შედეგად, მანქანის წინა ანტი ფრთა
დაზიანდა და ამის გამო, ფეტელს დაუგეგმავი პიტსტოპის შესრულება მოუხდა.
კიმის კი გაცილებით მეტი შეცდომა აქვს. მისი
მთავარი პრობლემა კი კვალიფიკაციაზე გამოსვლებია. შედეგი სახეზეა - ის ფეტელს 59 ქულით
ჩამორჩება. ამასთან, გერმანელ მრბოლს ერთი გამარჯვება (მალაიზიაში) აქვს, რაიკონენმა
კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა.
იტალიურ გამოცემა „ავტოსპრინტის“ თხოვნაზე, შეეფასებინა
რაიკონენის სეზონი, ელისონი პასუხობს: „სიჩქარის მხრივ, მათ შორის განსხვავება
არაა. ხან კიმია უფრო სწრაფი, ხან კი სებასტიანი. განსხვავება ისაა, რომ
სებასტიანი არასდროს, თითქმის არასდროს ცდება. ამ სეზონში მხოლოდ ბაჰრეინში
დაშვებული შეცდომა მახსოვს. მისგან განსხვავებით, კიმის შეცდომები აქვს და
განსაკუთრებით კვალიფიკაციაში ცდება ხოლმე. ამას მაშინაც ვიტყოდი, კიმი აქ რომ
იყოს. ვფიქრობ, ის დამეთანხმებოდა. ხანდახან მცირე შეცდომაც კი საკმარისია რბოლის
გასაფუჭებლად“.
ელისონი დასძენს, რომ „ფერარის“ „მერსედესთან“
ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირება შეუძლია. მისი თქმით, მალაიზიაში გამარჯვებას „ფერარიში“
არ ელოდნენ და მაშინ მოლოდინი გაიზარდა. შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
თუმცა, ელისონი დარწმუნებულია, რომ მარანელოელებს ლიდერთან ჩამორჩენის შემდგომი
შემცირება ხელეწიფებათ.
„მოულოდნელ გამარჯვებაზე უარს არავინ ამბობს.
მალაიზიის დიდი პრიზი გამორჩეული დღე იყო. გამარჯვების გემო გავიხსენეთ. ახლა კი
მოუთმენლად ველით, ეს როდის განმეორდება. თუ გადავხედავთ იმას, რაც სეზონის
დაწყებიდან გავაკეთეთ, დავინახავთ, რომ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო კარგ შედეგებს
გვაძლევს. ჩვენ წრეზე დაახლოებით 1.5 წამით გავაუმჯობესეთ შედეგები. ამაში კი
მანქანის და აგრეგატის სრულყოფა დაგვეხმარა. ფსონს რომ ჩამოვდიოდე იმაზე, თუ რას
მოველი სეზონის მეორე ნახევარში, ვიტყოდი, რომ „მერსედესთან“ ჩამორჩენას კიდევ
უფრო შევამცირებთ და ამას „უილიამსზე“ უკეთ გავაკეთებთ“, - დასძენს ელისონი.
No comments:
Post a Comment