Tuesday, July 21, 2015

„ლამბორგინიმ“ პროექტი „ასტერიონი“ დააყოვნა

Lamborghini Freezes Asterion Plans In Favor Of Urus Super-SUV
21 ივლისი
შეაყოვნა, არ უარუყვია. მიზეზი მარტივია - ისეთ პატარა კომპანიას, როგორიც „ლამბორგინია“, თუნდაც ის „ფოლკსვაგენის“ გოლიათი ოჯახის წევრი იყოს, წარმოებისთვის ერთდროულად ორი უახლესი ავტომობილის მომზადება არ შეუძლია. ამ ეტაპზე, სანტ’აგატა ბოლონეზელებისთვის და მათი ვოლფსბურგელი შეფებისთვის, პრიორიტეტი უგზოობის „ურუსის“ წარმოების დაწყებაა. „ასტერიონი“ კი მოიცდის.
„ასტერიონი“ არც აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა და თავისი სალონის 2+2 ფორმულითაც, ტიპური „ლამბო“ არაა. იტალიურმა კომპანიამ ის პირველად პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. ის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 და სამი ელექტრო ძრავი შედის. პირველი 610 ცხენის ძალას იძლევა, ელექტრულები კი ერთად - 300-ს. შიდაწვის ძრავს 7-საფეხურიანი წყვილქუროიანი ტრანსმისია ემსახურება.
„ასტერიონი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული, სრულ ამძრავიანი სუპერ ავტომობილია. 910 ცხენის ძალის დახმარებით, ადგილიდან ასამდე აჩქარება 3.0 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კილომეტრია საათში. ამასთან, მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე, 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. თავისი ძრავის მონაცემებით, „ასტერიონი“ „ფერარი ლაფერარის“ დონეზეა, თუმცა ინტერიერის მხრივ, მისგან სრულიად განსხვავებული ავტომობილია.
„ჩვენ ეს ავტომობილი იმის სადემონსტრაციოდ შევქმნით, თუ რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა იქნება, რომ ავტომობილს ელექტრო ენერგიის ხარჯზე მინიმუმ 50 კილომეტრის გავლა უნდა შეეძლოს. ამან წონა გაზარდა, რამაც იმის საუალება მოგვცა, რომ მას დიდი და კომფორტული სალონი ჰქონოდა. „ასტერიონის“ ჩვენებით, ჩვენ მომხმარებლების რეაქციის ნახვა გვსურდა“, - ამბობს „ლამბორგინის“ შეფი შტეფან ვინკელმანი და დასძენს: „მათ გვითხრეს, რომ სიახლეებისთვის, მათ შორის ჰიბრიდული ტექნოლოგიისთვის, მზად არიან. ოღონდ, ავტომობილის დინამიკური მახასიათებლებიც უნდა გაუმჯობესებულიყო“.

No comments:

Post a Comment