Wednesday, July 1, 2015

რის მილენმა პაიკს პიკი ლატვიური ელექტრომობილით მოიგო

Rhys Millen wins Pikes Peak under all-electric power
1 ივლისი
 პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა, მის ისტორიაში შევიდა - მისი გამარჯვებული ელექტრომობილით მოასპარეზე რის მილენი გახდა. ახალზელანდიელმა მრბოლმა გამარჯვება ლატვიური ელექტრული ღია პროტოტიპით მოიპოვა და ელექტრომობილებისთვის პაიკს პიკის რეკორდიც გააუმჯობესა. 19.99 კილომეტრი მან 9 წუთსა და 07.222 წამში გაიარა. მეორე ადგილიც ელექტრომობილით მოასპარეზე პილოტის საკუთრება გახდა. იაპონელმა ნობუჰირო „მონსტერ“ ტაძიმამ, ხორვატული „რიმაკ e-რანერით“, აღმართის გავლას 9 წუთი და 32.401 წამი მოანდომა.


ლატვიური სრულ ამძრავიანი სარბოლო პროტოტიპი, ექვსი ელექტრო ძრავითაა (YASA-400) აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 1386 ცხენის ძალაა, პიკური მაბრუნი მომენტი კი 2160 ნიუტონმეტრია. ელექტრული მეგავატიანი მონსტრი მხოლოდ 1150 კილოგრამს იწონის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 260 კილომეტრია.

ელექტრომობილების ასეთი შედეგის მიუხედავად, მათ მაინც ვერ შეძლეს პაიკს პიკის აბსოლუტური რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც შიდაწვისძრავიან ავტომობილებს ეკუთვნით. ის 2013 წელს თვით სებასტიან ლოებმა, რალის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სპეციალურად ამ რბოლისთვის მომზადებული „პეჟო 208 T16 პაიკს პიკით“ დაამყარა. ავტოსპორტის ფრანგმა ლეგენდამ, დისტანცია 8 წუთსა და 13.878 წამში გაიარა.

ლატვიურ კომპანია „დრაივ eO-ს“ შეფმა კრისტაპს დამბისმა განაცხადა, რომ მისი ელექტრომობილის სიმძლავრე სრულიად საკმარისია ლოების რეკორდის გასაუმჯობესებლად, მაგრამ სიმძლავრის და წონის ფარდობა ჯერ ამის საშუალებას არ იძლევა. საქმე ისაა, რომ ელექტრო ენერგიის შესანახი ელემენტების ბლოკი ავტომობილს მეტისმეტად ამძიმებს. დამბისი ამბობს, რომ რეკორდის დროც მოვა, ოღონდ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

აბსოლუტურში მესამე ადგილი დაიკავა ღიაბორბლიანი სარბოლო ავტომობილების კლასში მოასპარეზე ამერიკელი პოლ დალენბახი გავიდა, რომელმაც თავის კლასში რეკორდიც (9:36.496) დაამყარა. მან მხოლოდ 9 წამით აჯობა „ტაიმ ატაკ 1-ის“ კლასის გამარჯვებულ ამერიკელ ჯეფ ცვარტს, რომელიც მოდიფიცირებული „პორშეთი“ ასპარეზობდა. ცვარტმა აბსოლუტურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეუზღუდავ კლასში საუკეთესო იყო გერმანიაში დაბადებული დომინიკ დობსონი, რომელმაც ღია პროტოტიპ „რადიკალ SR8-ით“ აღმართი 10 წუთსა და 15.289 წამში გაიარა. აბსოლუტურში ის მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა.

No comments:

Post a Comment