დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 23, 2015

ჩინური „სუპერ ავტომობილი“ 5000 დოლარად

Man from China Builds Electric Supercar for $5,000
23 ივლისი
გარეგნულად ეს ქმნილება, რაღაცით კლასიკურ ავტომობილსაც მოგაგონებთ, რაღაცით (მომრგვალებული სანთლის ტიპის კოკპიტით) სარბოლო პროტოტიპსაც და რაღაცით სუპერ ავტომობილსაც. მაგრამ არც ერთია, არც მეორე და არც - მესამე. ის ხელნაკეთი მანქანა, რომელსაც მხოლოდ 40 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. მაგრამ სამაგიეროდ, გზაზე რომ გაივლის, აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას - შორიდან ვინ მიხვდება, რომ ასეთი „მრისხანე“ გარეგნობა უსუსურ ძალურ დანადგარს (ჩინეთის ეროვნულ რადიოს მისი მონაცემები არ გამოუქვეყნებია) მალავს.
ჩინეთის ეროვნული რადიოს ინფორმაციით, ავტომობილის ავტორი, 27 წლის ჩენ იანსია, ვინც შუშის ქარხანაში მუშაობს. მისი ჰობი სუპერ ავტომობილებია. რა თქმა უნდა, თავისი შემოსავლით ასეთი მანქანის ყიდვა არ შეუძლია. და რადგან ასეა, თავად გადაწყვიტა შეექმნა ოცნების ავტომობილი. სკეჩებიც თავადვე შეასრულა. მუშაობდა, როცა სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა.
ავტომობილის მზიდი სივრცული ჩარჩო ფოლადის გალვანიზებული მილებისგან შეკრა. ძარა კი შუშის ბოჭკოვანი კომპოზიციური მასალისგან დაამზადა. რა თქმა უნდა, ორი სიტყვით ნათქვამში, ის მძიმე შრომა არ ჩანს, რაც ძარის სკულპტურის შემუშავებას და შემდგომ, მისგან ცალკეული პანელების დამზადებას დასჭირდა. ავტომობილის დამზადებისას, იანსიმ სხვადასხვა მოდელის სათადარიგო ნაწილები გამოიყენა. ძრავი კი ელექტრულია და სუსტი. არაფერია ცნობილი ელემენტების ტიპის შესახებ.
ავტორმა საინტერესო გადაწყვეტა გამოიყენა სალონში - „პილოტის“ პოზიცია ცენტრში განალაგა, როგორც „მაკლარენ F1-სა“ და „ლამბორგინი ეგოისტაზეა“. ფერის მხრივაც, სუპერ ავტომობილის სტილი დაცულია - წითელი ბევრი ლეგენდარული ავტომობილის და რა თქმა უნდა, „ფერარის“ ფერია!
ჩენ იანსის ქმნილება ორიგინალურობითაც გამოირჩევა - მისი კარი წინ ბორბლის თაღსაც მოიცავს და მასთან ერთად იღება. საკმაოდ მოუხერხებელი უნდა იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, ასეთი კონსტრუქციის პიონერი იანსია და შეუძლია, ის დააპატენტოს - ვინ იცის, ოდესმე იქნებ რომელიმე დიდმა კომპანიამ მსგავსი რამის გაკეთება „გაბედოს“.
და რა დაუჯდებოდა ავტორს ასეთი „სუპერ ავტომობილის“ შექმნა? სულ რაღაც, 30 000 იუანი, ანუ დაახლოებით 5 000 დოლარი.

No comments:

Post a Comment