Tuesday, July 7, 2015

“ასტონ მარტინი“ ფორმულა 1-ით დაინტერესდა

Aston Martin boss confirms F1 interest
7 ივლისი
„ასტონ მარტინის“ შეფმა ენდი პალმერმა, გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია ფორმულა ერთში დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ცნბისათვის, „ასტონ მარტინი“ დიდი პრიზების ცირკში 1960-იან წლებში ასპარეზობდა, თუმცა რაიმე წარმატება არ ჰქონია.
პალმერი სილვერსტოუნზე გამართული ბრიტანული დიდი პრიზის რბოლას დაესწრო, სადაც „ავტოსპორტს“ შემდეგი განუცხადა: „პადოკს ჭორები არასდროს აკლია. ჩვენს შემთხვევაში, უნდა შევისწავლოთ, რას მოგვცემს ეს. გვაქვს ავტორიტეტი, რომელიც გამძლეობაზე რბოლებში მოვიპოვეთ. და თუ ამ საქმეს დავიწყებთ, ამან ჩვენი იმიჯი მხოლოდ უნდა გააუმჯობესოს. ჩემი მიზანი, „ასტონ მარტინის“ გარდაქმნაა. თუ დავადგენთ, რომ ამ საქმეში რამე დაგვეხმარება, ეს უნდა განვიხილოთ, თუ არა? რა თქმა უნდა“.
უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „ასტონ მარტინი“ „რედ ბულთან“ პარტნიორული ურთიერთობის აწყობას აპირებს და ამ თემაზე, ავსტრიულ კომპანიასთან მოლაპარაკებაც აქვს. „რედ ბულს“ „მერსედსის“ ძრავებზე გადასვლა სურს და ამ საქმეში, სამქიმიანების პარტნიორ „ასტონ მარტინის“ გამოყენება მისთვის მისწრება იქნება.
ცნობისათვის, „ასტონ მარტინის“ აქციების 5 პროცენტი „მერსედეს-ბენცს“ ეკუთვნის. მათ შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის შესაბამისად, ბრიტანულ კომპანიას შტუტგარტელთა საქარხნო ტუნინგის შტო AMG-ს ტექნოლოგიებზე ხელი მიუწვდება. რაც შეეხება ფ1-ში „ასტონ მარტინის“ მოღვაწეობას, ის მხოლოდ ორი სეზონი - 1959 და 1960 წლებში გაგრძელდა.
თუ „ასტონ მარტინსა“ და „რედ ბულს“ შორის შეთანხმება შედგა, მაშინ ფ1-ის გუნდი სამქიმიანების ძრავებს მიიღებს, „ასტონ მარტინი“ კი მისი ტექნიკური პარტნიორი გახდება. ამ შემთხვევაში, ბრიტანული კომპანიის ლოგო, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გუნდის მანქანების იმ ნაწილს დაამშვენებს, რომლის ქვეშაც ძრავია განლაგებული.
ცნობილია, რომ „მერსედესს“ ძრავების უფრო მეტი გუნდისთვის მიწოდება სურს, რაც აგრეგატების წარმოებაზე გაწეული ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს. მეორე მხრივ, „ასტონ მარტინი“ გერმანული კომპანიის უშუალო კონკურენტად არ მოიაზრება, რაც ფ1-ში მის შემოყვანას კომერციულად მომგებიანს გახდის. არაოფიციალური ინფორმაციით, „ასტონ მარტინის“ სახელით ძრავების „რედ ბულისთვის“ მიწოდებას „მერსედესის“ ხელმძღვანელობა ემხრობა.

No comments:

Post a Comment