Thursday, June 4, 2015

„ფორდმა“ „შელბი GT350 მუსტანგის“ ატმოსფერული ძრავის მონაცემები გამოაქვეყნა

Ford Shelby GT350 and GT350R Mustangs Rated At 526 HP And 429Lb-Ft Of Torque
3 ივნისი
„ფორდმა“ თავისი სრულიად ახალი, ატმოსფერული V8 ძრავის მახასიათებლები გამოაქვეყნა. ამ აგრეგატით „მუსტანგის“ ორი ვერსია - „შელბი GT350“ და „შელბი GT350R“ აღიჭურვება. 5.2-ლიტრიანი ძრავი 526 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 581 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოუმშავებს. მისი მუშა მოცულობის ყოველი პირობითი ლიტრი 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მაჩვენებლით და საერთო სიმძლავრით, ცისფერი ოვალის ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავია, რომელიც საგზაო ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.
გარდა ამისა, „ფორდის“ ისტორიაში, მის სერიულ აგრეგატებს შორის, ყველაზე მაღალი მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი (8 250 ბრ/წთ) აქვს. უფრო მეტიც, მაქსიმალური მომენტის დაახლოებით 90 პროცენტს, ბრუნთა რიცხვების ფართო დიაპაზონში (3 450-7 000 ბრ/წთ) იძლევა. და მაბრუნი მომენტის და სიმძლავრის პიკების ბრუნთა რიცხვებს შორის სხვაობა 3 000 ბრუნია წუთში, რაც მას სარბოლო ძრავისთვის შესაფერის თვისებებს სძენს.
ახალ ძრავთან წყვილში, ორივე ვერსიაზე (შელბი GT350 და შელბი GT350R) მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. კოლოფის სახელია „ტრემეკ TR-3160“ და ის მცირე წონითაც გამოირჩევა და მაღალ ბრუნვებზე მუშაობის უნარითაც. მისი კორპუსი და გადაბმულობის სეგმენტიც ალუმინისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, წონის შემცირების გარდა, გაზრდილია ძრავისა და კოლოფის კვანძის საერთო სიმტკიცე.
ახალი V8 ძრავის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ მუხლა ლილვის მრუდმხარას ყელებს შორის გაშლის კუთხე 180 გრადუსია. ესეც სარბოლო ძრავებისთვისაა დამახასიათებელი. ცისფერი ოვალის განმარტებით, ასეთი კონსტრუქცია, ცილინდრიდან ნამწვი აირის გამოშვების და წვის ფაზებს შორის იდეალური დაშორების საშუალებას იძლევა, რაც ძრავს უკეთ „სუნთქვის“ საშუალებას აძლევს, რის პასუხადაც ის მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment