Nissan GT-R LM Nismo Technical Specs Revealed
9 ივნისი
ლე მანის წლევანდელი 24-საათიანი რბოლის ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული მონაწილე, „ნისანის“ უჩვეულო კონსტრუქციის LMP1 კლასის სარბოლო
პროტოტიპია, სახელად „GT-R LM ნისმო“. მთავარი უჩვეულობა მასში ისაა, რომ წამყვანი
წინა ბორბლები აქვს. გარდა ამისა, კაბინა მკვეთრად უკანაა დაწეული და უკანა
ბორბლები წინებზე ვიწროა.
სარბოლო ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაა
აღჭურვილი. მთავარი აგრეგატის შემუშავებაში, „ნისანს“ პარტნიორობას კომპანია „კოსუორტი“
უწევდა. ესაა ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის და
საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემის დახმარებით, 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მისი მაბრუნი ძალა წინა ბორბლებს 5-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფის
დახმარებით გადაეცემა, რომელიც ძრავის წინ განლაგდა. მისი საფეხურების შეცვლა,
ჰიდრავლიკური ბერკეტებით ხდება.
რაც შეეხება ჰიბრიდული სისტემის მეორე ნაწილს, ის
არაა ელექტრონული და ენერგიის დასაგროვებლად, ტყუპი მქნევარას სისტემას იყენებს.
ესაა მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემა, რომელიც ასევე წინა
ბორბლებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მქნევარა გაზრდილი ხახუნის დიფერენციალის
დახმარებით, უკანა ბორბლებსაც უკავშირდება. ბორბლებში ეგრეთ წოდებული ეპიციკლური,
დამადაბლებელი რედუქტორებია მოთავსებული. ამგვარად, ავტომობილი საჭროებისას სრულ
ამძრავიან რეჟიმშიც მუშაობს. მქნევარას მაქსიმალური სიმძლავრე 750 ცხენის ძალას
აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიბრიდული დანადგარი ჯამში მაქსიმუმ 1250 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს.
ავტომობილის მზიდი სისტემა კარბონის კომპოზიტისგან
დამზადდა, საქარე შუშა პოლიკარბონატისაა, რაც მის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დიდ
სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ავტომობილის წონა 870 კილოგრამია, მისი საწვავის ავზის
მოცულობა კი მხოლოდ 68 ლიტრი. პილოტის სამუშაო ადგილი კოკპიტის მარჯვენა მხარესაა,
მქნევარების სისტემა კი მისი ფეხების წინ, კოკპიტის შიგნით განლაგდა.ავტომობილს
აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობის მქონე აეროდინამიკა, რაც ტესტებმა ცხადყო. გარდა
ამისა, მისი აგებულების თავისებურებამ, ინჟინრებს ძარის შიგნით, ჰაერსადინარების მოწყობის
საშუალება მისცა, რამაც აეროდინამიკის დამატებით სრულყოფის შესაძლებლობა შექმნა.
დაკიდების სისტემის წინა ნაწილში, „ოლინის“ წარმოების,
რეგულირებადი ამორტიზატორებია გამოყენებული, უკანებში კი - „პენსკეს“ წარმოების,
ასევე რეგულირებადი ამორტიზატორები. ამასთან, მანქანის უკანა ნაწილის განივ მდგრადობას,
ჰიდრავლიკური სტაბილიზატორი უზრუნველყოფს. მუხრუჭებში წინ 6-ცილინდრიანი, უკან კი 4-ცილინდრიანი
სისტემებია გამოყენებული. ამასთან, პილოტს სამუხრუჭე ძალის კოკპიტიდან რეგულირების
საშუალებაც აქვს.
ელექტრონული სისტემების უმეტესობა, „კოსუორტმა“
შეიმუშავა. მათ შორისაა ჰიბრიდული აგრეგატის, ტრანსმისიის პილოტის მიერ რეგულირებადი
ტრექშნ კონტროლი, ტურბინის ჩამორჩენის საწინააღმდეგო სისტემა, საწვავის დაზოგვის
სისტემა, მავთულით მართვადი აქსელერატორის კონტროლის სისტემა და ERS-ის
გამოყენების საკონტროლო სისტემა.
სარბოლო ავტომობილი BBS-ის სარბოლო ბორბლებზე დგას,
რომლებსაც ცენტრალური ჩამკეტი აქვს. წინა ბორბლები 18x13 ზომისაა, უკანები კი - 16x9.
ბორბლები „მიშლენის“ წარმოების საბურავებითაა შემოსილი. წინების ზომებია 31/71-18,
უკანებისა კი - 20/71-16.
იაპონური კომპანია გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო
ჩემპიონატში ორი ეკიპაჟით ასპარეზობს. მათგან ერთის პილოტები არიან ლე მანის
ყოფილი გამარჯვებული, ფ1-ის ყოფილი პილოტი, ესპანელი მარკ ჟენე, ფ1-ის ყოფილი
პილოტი ბრიტანეთიდან მაქს ჩილტონი, ასევე „ნისან GT-ს“ აკადემიის კურსდამთავრებული,
ბრიტანელი იან მარდენბორო. მეორე ეკიპაჟის სამეულში არიან: გერმანელი მიხაელ
კრუმი, ბრიტანელი ჰარი ტინკნელი და ფრანგი ოლივიე პლა. ლე მანის რბოლაში კი „ნისანს“
მესამე ეკიპაჟიც ეყოლება, რომელშიც შევიდნენ: ესპანელი ლუკას ორდონესი, ბრიტანელი
ალექს ბანკომბი და იაპონელი ცუგიო მაცუდა.
No comments:
Post a Comment