დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 20, 2015

„ბეემვეს“ უახლესი ფლაგმანი

The All-New 2016 BMW 7-Series
20 ივნისი
ეს ავტომობილი „ბეემვეს“ სახეა და ბუნებრივია, გერმანული კომპანია მას წარმოებისთვის დიდი მონდემებით ამზადებდა. გაბარიტებით და სტილით, ის შესაძლოა წინამორბედს (F01) ჰგავს, მაგრამ რეალურად, სრულიად ახალი ავტომობილია. ბავარიელებმა თავიანთი ახალი ფლაგმანის შესაქმნელად, მთელი საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალი ჩართეს.
ინჟინრებმა პირველ რიგში წინა მე-7 სერიის მთავარი უარყოფითი თვისების - ზედმეტი წონის შემცირებაზე იმუშავეს. ამისათვის მათ ავტომობილის სტრუქტურაში უხვად გამოიყენეს კარბონის კომპოზიტი, ალუმინი და მაგნიუმი. ამის წყალობით, დაახლოებით 200 კილოგრამი დაიზოგა. თუმცა, ამ დანაზოგის ნაწილი, კომფორტისა და უსაფრთხოების დამატებითი მოწყობილობების გამოყენების შედეგად გაიქვითა. საბოლოოდ, ახალი სედანი წინამორბედზე დაახლოებით 130 კილოგრამით მსუბუქია.
„ბეემვეს“ მმართველი საბჭოს წევრი კლაუს ფროლიხი ირწმუნება, რომ ახალი მე-7 სერია თავის სეგმენტში ყველაზე მსუბუქი ლუქს სედანია. ახალი ავტომობილის მოკლებაზიანი (სტანდარტული) ვერსიის კოდური ინდექსია G11, გრძელბაზიანისა კი - G12. პირველის გაბარიტებია: სიგრძე 5098 მილიმეტრი, სიგანე 1902 მილიმეტრი, სიმაღლე 1467 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე 3070 მილიმეტრია. გრძელბაზიანის გაბარიტებია: იგივე სიგანე, სიგრძე 5238 მილიმეტრი, სიმაღლე 1479 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა კი 3210 მილიმეტრია.
გარეგნულად, ახალი ფლაგმანი წინამორბედის ევოლუციური ვერსიაა. მასში იგრძნობა მე-3 და მე-4 სერიის მოდელებთან მსგავსება. ყურადღებას იქცევს დიდი ზომის, წყვილი თირკმლისებრი რადიატორის ცხაური, რომელსაც ორივე მხრიდან წაგრძელებული და საკმაოდ დიდი ფარები ამშვენებს, რომლებშიც ლაზერული სისტემაცაა გამოყენებული.
იგივე შეიძლება ითქვას ინტერიერზეც - ისიც წინამორბედის ევოლუციური ვარიანტია, თუმცა უფრო თანამედროვედ გამოიყურება. პირველ რიგში, ამ ეფექტს უახლესი, ციფრული მაჩვენებლების დაფა ქმნის. „აიდრაივ 5.0“ ინფოტაინმენტ სისტემას სენსორული ეკრანი ემსახურება. მასვე ჟესტიკულაციით მართვის ფუნქციაც აქვს. გარდა ამისა, ტოპ ვერსიების ეკიპირებაში, მობილური ტელეფონის უკაბელო დასამუხტი მოწყობილობაც შევა.
კიდევ ერთი სიახლეა „ბეემვეს“ მიერ შემუშავებული, „შორიდან კონტროლირებადი პარკირება“, რომლის დახმარებითაც, მძღოლს მანქანის სადგომზე დაყენება, მანქანაში ყოფნის გარეშეც შეუძლია. ამისათვის ის სპეცალურად შემუშავებულ გასაღებს გამოიყენებს, რომელშიც „შორიდან კონტროლირებადი პარკირების“ ფუნქციაცაა დაყენებული. ეს სრულიად ავტომატური პარკირება არაა, თუმცა ძალიან მოსახერხებელია და ყოველი შემთხვევისთვის, მძღოლი პროცესს გარედან აკვირდება.
ახალი მე-7 სერიის ყველა ვერსია, ორღერძიანი პნევმო საკიდარით აღიჭურვება, რომელიც მოძრაობის რეჟიმების შესაბამისად არეგულირებს ავტომობილის კლირენსს. ყველაზე დაბალი კლირენსი, სპორტული რეჟიმის დროსაა. ავტომობილს ოთხივე ბორბალი მართვადი აქვს (X სტიარ), მისი ზოგი ვერსია კი სრულ ამძრავიანი სისტემით (იქსდრაივ) აღიჭურვება.
ბაზარზე გამოსვლის მომენტში, ახალი მე-7 სერია სამი ვერსიის სახით წარსდგება. ესენია 730d, რომელიც იქნება როგორც წინა, ასევე სრულ ამძრავიანი ტრანსმისია „იქსდრაივით“ და მისი გრძელბაზიანი ვერსია 730Ld. ამ ვერსიის ყველა ვარიანტი აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბო დიზელით, რომელიც 265 ცხენის ძალას და 620 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მეორე ვერსიაა 740i, რომელსაც ასევე აქვს გრძელბაზიანი ვერსია 740Li. ის აღჭურვილია ბენზინის 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 326 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მესამე ვერსიაა 750i (750Li) „იქსდრაივი“, რომლის კაპოტქვეშაც ბენზინის 4.4-ლიტრიანი ტურბო V8 განლაგდა. ამ ძრავის სიმძლავრე 450 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 650 ნიუტონმეტრი. სამივე ძრავთან წყვილში 8-საფეხურიანი აქვტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
მალე ძრავების გამას პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა შეავსებს, რომელშიც ბენზინის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი და ელექტრო ძრავი შევა. პირველთან ისევ 8-საფეხურიანი აქვტომატური კოლოფი იმუშავებს. მხოლოდ ელემენტებში დაგროვილი ელექტრო ენერგიით, ასეთი ავტმობილი 35 კილომეტრზე მეტის გავლას შეძლებს. ამ დროს, მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე 121 კილომეტრია საათში.

No comments:

Post a Comment