დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 21, 2015

პირველ მოსახვევში მოგებული რბოლა

Motor racing-Rosberg gets the jump on Hamilton in Austria
21 ივნისი
ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ მოიგო ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა და ამისათვის საკმარისი, ბრწყინვალე სტარტის აღება გამოდგა. რა თქმა უნდა, ლუის ჰამილტონის წინ არ გაშვებასაც გერმანელისგან ბევრი გარჯა დასჭირდა, თუმცა ეს მას კარგად ეხერხება და არც ამჯერად გაუშვა ხელიდან ის შანსი, რომელიც სტარტზე ჩემპიონის მყისიერმა შეყოვნებამ მისცა. ამგვარად, ჰამილტონთან ჩამორჩენა კვლავ 10 ქულამდე შეამცირა.
ამგვარად, როსბერგმა ამ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა, ჰამილტონს კი ოთხი აქვს. შესაბამისად, მათ 159 და 169 ქულა აქვთ. კითხვაზე, ყოველ რბოლაში ასეთი შემართებით რატომ არ იბრძვის, როსბერგმა ღიმილით უპასუხა: „ამიერიდან ვეცდები. აქ ზედიზედ მეორედ გამარჯვება განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავს. დღეს რბოლა სტარტმა მომაგებინა“, - განაცხადა როსბერგმა.
შუა რბოლისას, ჰამილტონს სტიუარდებმა ხუთწამიანი ჯარიმა მიუსაჯეს იმისათვის, რომ პიტლეინიდან გამოსვლისას, უსაფრთხოების თეთრი ზოლი გადაკვეთა. ის გამარჯვებულს 3.8 წამით ჩამორჩა, თუმცა საბოლოო შედეგებში, მის გრაფაში ჩამორჩენის 8.8 წამი ჩაიწერა. ამის მიუხედავად, მას მეორე ადგილი მაინც არ დაუკარგავს, რადგან მესამეზე გასულმა ფელიპე მასამ როსბერგთან 17 წამზე მეტი წააგო.
ჰამილტონმა ნარბოლევს აღიარა, რომ ჯარიმის გარეშეც, როსბერგთან მიახლოებას ისედაც ვერ ახერხებდა. „ნიკომ შესანიშნავად იმუშავა. მთელი რბოლის განმავლობაში, ის ჩემზე სწრაფი იყო. ცუდი სტარტი ავიღე, რამაც საფუძველი გამომაცალა. რაც შემეძლო, ვაწვებოდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, - რბოლის შემდგომ, სახელდახელო ბრიფინგზე, რომელიც ფ1-ის ყოფილ პილოტს, ავსტრიელ გერჰარდ ბერგერს მიჰყავდა, განაცხადა ჰამილტონმა.
ჰამილტონმა მცირე დრო მაინც გაატარა ლიდერის რანგში. ეს მაშინ მოხდა, როცა როსბერგმა პიტსტოპი შეასრულა. ბრიტანელი სამი წრის განმავლობაში უძღვებოდა პელოტონს, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტის რეკორდი გაემეორებინა - ზედიზედ 17 რბოლაში ლიდერობდა რბოლას. სტიუარტმა ეს 45 წლის წინათ მოახერხა.
არ გაუმართლა სებასტიან ფეტელს, რომელმაც თავისი ერთადერთი პიტ სტოპისას, ბევრი დრო დაკარგა - უკანა მარჯვენა ბორბლის გამოცვლა გაჭიანურდა. ამით ისარგებლა მასამ და მესამეზე გადაინაცვლა. ფეტელმა ბოლომდე სდია, მაგრამ გასწრება ვეღარ შეძლო. რბოლის შემდგომ, მასამ განაცხადა, ვცდილობდი, შეცდომა არ დამეშვა და დანარჩენი გამოცდილების საქმე იყოო.
ფეტელზე მეტად არ გაუმართლა მის თანაგუნდელ კიმი რაიკონენს, რომელმაც სტარტი უკანა რიგებიდან აიღო. მის მიერ დაშვებულმა შეცდომამ კი ინციდენტში ფერნანდო ალონსოც ჩაითრია. რაიკონენი პირველივე წრის მეორე მოსახვევს კარგად იყო გაცდენილი, როცა შეცდა და ალონსოს სიურპრიზად „დახვდა“. ესპანელმაც გვერდის ავლა ვერ მოასწრო და მოხდა შეჯახება. საბოლოოდ, „მაკლარენი“ „ფერარის“ თავზე „შეახტა“ და ბედად, ფინელის თავს არ შეხებია. სტიუარდებმა მომხდარში ვერცერთის ბრალი ვერ დააფიქსირეს.
„კიმის მოსახვევიდან გამოსვლისას ბორბალი მოუსრიალდა. მე გასწრება ვცადე, მაგრამ მან მართვა დაკარგა და მარცხნივ წამოვიდა, სადაც მე ვმოძრაობდი. ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი, მერე კი სარკეში ჩავიხედე და ჩემი მანქანის ქვეშ, სხვა მანქანა დავინახე“, - განაცხადა ალონსომ, ვინც რაიკონენს დაელოდა, სანამ ის მანქანიდან გადმოვიდოდა და მათ ერთად დატოვეს „ბრძოლის ველი“. რბოლის შემდეგ, ფინელს გაახსენეს სიტყვები, რომლებიც მან კანადური რბოლის შემდეგ თქვა - ფ1 ზედმეტად უხიფათო გახდაო. ამაზე კი, როგორც სჩვევია, ლაკონურად უპასუხა, რომ ეს არ იყო იდეალური ავარია.
ფინიშს მხოლოდ 14-მა მრბოლმა მიაღწია და მათ შორის, არც ერთი „მაკლარენი“ არ იყო. ჯენსონ ბატონმა ასპარეზობა მე-10 წრეზე შეწყვიტა.

ავსტრიის დიდი პრიზი
შპილბერგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 307.02 კმ (4.326 კმ, 71 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:30:16.930
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:08.800
3. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:17.573
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:18.181
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:53.604
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:04.075
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1 წრე
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1 წრე
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1 წრე
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1 წრე
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1 წრე
12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1 წრე
13. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   2 წრე
14. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          3 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    36 წრე
გ. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   36 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 63 წრე
გ. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                         70 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             71 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              71 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:11.235, 35-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 169 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 159; 3. სებასტიან ფეტელი - 120; 4. კიმი რაიკონენი - 72; 5. ვალტერი ბოტასი - 67; 6. ფელიპე მასა - 62; 7. დანიელ რიკარდო - 36; 8. დანილ კვიატი - 19; 9. ნიკო ჰულკენბერგი -18; 10. რომენ გროჟანი - 17; 11. ფელიპე ნასრი - 16; 12. სერხიო პერესი - 13; 13. პასტორ მალდონადო - 12; 14. მაქს ფერსტაპენი - 10; 15. კარლოს საინს უმცროსი - 9; 16. მარკუს ერიქსონი - 5; 17. ჯენსონ ბატონი - 4; 18. ფერნანდო ალონსო - 0; 19. რობერტო მერი - 0; 20. უილ სტივენსი - 0
     
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 328 ქულა; 2. ფერარი - 192; 3. უილიამს-მერსედესი - 129; 4. რედ ბულ-რენო - 55; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 31; 6. ლოტუს-მერსედესი - 29; 7. ზაუბერ-ფერარი - 21; 8. ტორო როსო-რენო - 19; 9. მაკლარენ-ჰონდა - 4; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment