Wednesday, June 24, 2015

„ფერარი“ ბოტასის გადაბირებას ცდილობს

Report: Ferrari F1 team making moves to sign Bottas
24 ივნისი
როგორც გერმანული პრესა ირწმუნება, „ფერარიმ“ „უილიამსიდან“ ვალტერი ბოტასის გადაბირების პროცესი დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა კიმი რაიკონენის გაშვებას აპირებს, რომელიც ვერაფრით ახერხებს მანქანის პოტენციალის სრულად გამოყენებას. იმავე ინფორმაციით, ბოტასის გარდა, მარანელოელები ამ თემაზე უშუალოდ „უილიამსის“ ხელმძღვანელობასთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას.
ამის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანულ გუნდს, 25 წლის ბოტასთან კონტრაქტის მომავალ სეზონში გაგრძელების უფლებაც აქვს და ამ უფლების გამოყენებას აპირებს. გროველთა ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი ამბობს, რომ ფინელი პილოტის გაშვება დიდი შეცდომა იქნება. „გული დამწყდება, თუ ის ჩვენს გუნდს დატოვებს. ვიცი, რომ ჩვენთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. თავადაც გუნდის მნიშვნელოვანი წევრია“, - ამბობს სიმონდსი.
გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარიმ“ ბოტასის სანაცვლოდ “უილიამსს“ 4 მილიონი ევრო შესთავაზა. მაგრამ ბრიტანული გუნდის შეფის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ უილიამსმა ამაზე უარი თქვა და გაცილებით მეტი თანხა მოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ფრენკ უილიამსის შვილი კონტრაქტისგან ბოტასის გათავისუფლების სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროს მოითხოვს. ეს კი „ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენესთვის მიუღებელია.
ასეა თუ ისე, იმ შემთხვევაში, თუ ბოტასი „ფერარიში“ მაინც გადავა, „უილიამსი“ მის ადგილზე ნიკო ჰულკენბერგს მიიწვევს, რომელიც ამ გუნდში 2010 წელს უკვე ასპარეზობდა. ჰულკენბერგის წაყვანაზე „ფერარი“ იმ მარტივი მიზეზით ამბობს უარს, რომ არ სურს, ორივე გერმანელი პილოტი ჰყავდეს.

No comments:

Post a Comment