Monday, June 15, 2015

იმოლა იტალიის დიდი პრიზის გადარჩენას ცდილობს

Imola begins talks to save Italian Grand Prix
15 ივნისი
მონცას ტრეკის პრობლემების პარალელურად, იტალიის დიდი პრიზის ჩატარების სურვილი ოფიცალურად გამოთქვა იმოლას ავტოდრომის ხელმძღვანელობამ. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, თუ მონცა ვერ შეძლებს რბოლის ჩატარებას, ამ შემთხვევაში, 2017 წლიდან თავისთან ჩაატარონ იტალიის ეტაპი. ამ საკითხის განსახილველად, ქალაქ იმოლას მერი დანიელე მანკა ბერნი ეკლსტოუნს ლონდონში ეწვია.
ენცო და დინო ფერარის სახელობის ტრეკზე, ფორმულა ერთის რბოლა - სან მარინოს დიდი პრიზი, ბოლოს 2006 წელს გაიმართა. შემდგომი სეზონიდან კი იქ რეკონსტრუქცია დაიწყო, რომლის მიზანიც, ტრასის ფ1-ის მოთხოვნების შესაბამისად მოწყობა იყო. თუმცა დიდი პრიზების ცირკი იქ აღარ დაბრუნებულა.
ეკლსტოუნს მონცას წარმომადგენლებიც შეხვდნენ. ეს მონაკოს დიდი პრიზის დღეებში მოხდა. ამ შეხვედრის დროს, ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა მათ პირდაპირ განუცხადა, რომ თუ იმდენივეს არ გადაიხდიან, რამდენსაც ევროპის სხვა ტრეკები, რბოლა იქ აღარ ჩატარდება. მოკლედ, ლეგენდარულ ტრეკს ორი რბოლაღა დარჩა ჩასატარებელი და თუ ფინანსებს დროულად არ მოუყრის თავს, 2017 წლიდან იქ რბოლა აღარ გაიმართება.
ასეთი სიმკაცრის გამო, ბერნის ფ1-ის არამხოლოდ იტალიელი, არამედ მთელი მსოფლიოს ფანბი აკრიტიკებენ. მათ ვერ წარმოუდგენიათ მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი მონცას გარეშე. და კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ ფ1 იტალიის დიდ პრიზს დაკარგავს.
„ჩვენ გვინდოდა, ეკლსტოუნისთვის გვეჩვენებინა, რომ იმოლას ფორმულა 1-ში დაბრუნება სურს. ამასთან, ჩვენი მთავარი მიზანი, იტალიის დიდი პრიზის შენარჩუნებაა“, - ამბობს მანკა და დასძენს: „ჩვენ მას გეგმა წარვუდგინეთ, რომელიც ჩვენი ტრეკის განახლებას ეხება. ჩვენ მისი ინფრასტრუქტურის განახლებას ვაპირებთ“.
მანკას თქმით, ეკლსტოუნმა მზადყოფნა გამოთქვა, იმოლა ფორმულა 1-ში 2017 წლიდან დააბრუნოს: „ბერნიმ გვითხრა, რომ არასდროს ჰქონდა იმოლადან წასვლის სურვილი. მან გაიხსენა, რომ პირველმა ენცო ფერარიმ ჩვენს ტრასაზე რბოლის ჩატარება სთხოვა. რა თქმა უნდა, არის ბევრი მოსაგვარებელი საკითხი, რომელთაგან გამორჩეული ეკონომიკაა. ბერნი შეგვპირდა, რომ ჩვენი საკითხი აუცილებლად განიხილება და რბოლის ჩატარების დროს და პირობებს გაგვაცნობს. ჩვენ დაბრუნებას 2017 წელს ვგეგმავთ“, - ამბობს მანკა.

No comments:

Post a Comment