დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 14, 2015

ჰულკენბერგმა და „პორშემ“ ლე მანის რბოლა მოიგეს

Motor racing-Hulkenberg wins Le Mans in Porsche one-two
14 ივნისი
დღეს „პორშესთვის“ დიდი დღეა - გერმანული კომპანიის საქარხნო გუნდმა, ლე მანის ლეგენდარულ 24-საათიან რბოლაში, მე-17 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებული ეკიპაჟის (N19) წევრი იყო ფ1-ის გუნდ „ფორს ინდიას“ გერმანელი მრბოლი ნიკო ჰულკენბერგი, რომელმაც თავის კარიერაში პირველად იასპარეზა ლე მანის რბოლაში. მასთან ერთად, ეკიპაჟში შედიოდნენ ახალზელანდიელი ერლ ბამბერი და ბრიტანელი ნიკ ტანდი. ფინიშის ხაზთან ავტომობილი სწორედ ჰულკენბერგმა მიიყვანა.
„პორშე“ ლე მანს და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატს გასულ სეზონში დაუბრუნდა და პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მიზანს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ცუფენჰაუზენელებს სარტეს ტრეკზე გამარჯვება, 1998 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოპოვებული. მე-17 ტრიუმფით, მათ ლე მანზე მოპოვებულ გამარჯვებათა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს.
მეორე ადგილზეც „პორშეს“ ეკიპაჟი (N17) გავიდა, რომელსაც ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი (რედ ბული), ავსტრალიელი მარკ ვებერი, ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი და გერმანელი ტიმო ბერნჰარდი მართავდნენ. ამჯერად მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა „აუდის“ ეკიპაჟი, რომელმაც შარშანდელი რბოლა მოიგო. მას გერმანელი ანდრე ლოტერერი, ფრანგი ბენუა ტრელუიე და შვეიცარიელი მარსელ ფასლერი მართავდნენ.
„სიტყვები არ მყოფნის. საოცარია, ეს პირველივე ცდაზე შევძელი. ზე ბედნიერი ვარ. დღეს ჩვენ ისტორიაში შევედით. ასეთ რამეს არ ველოდით“, - კვარცხლბეკზე, უზარმაზარი თასის თანაგუნდელებთან ერთად აწევის შემდეგ განაცხადა 27 წლის ჰულკენბერგმა. ბრიტანელი ჯონი ჰერბერტის შემდეგ, რომელმაც ლე მანი 1991 წელს მოიგო, ჰულკი ფ1-ის პირველი მოქმედი პილოტია, ვინც სარტეზე რბოლა ტრიუმფით დაასრულა. საფრანგეთში ის პირდაპირ კანადიდან, იქაურ დიდ პრიზზე მონაწილეობის შემდეგ გაემგზავრა. მალე კი ავსტრიას მიაშურებს, სადაც ფ1-ის მორიგ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
საინტერესოა, რომ გამარჯვებული ტრიო, „პორშეს“ სამი ეკიპაჟიდან ყველაზე გამოუცდელია. მათგან ჰულკენბერგისთვის კი ეს გამძლეობაზე რბოლაში LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპით პირველი გამოსვლა იყო. პირველ ტესტებში მან მონაწილეობა მხოლოდ ორი კვირით ადრე მიიღო. მისი ეკიპაჟიდან, ლე მანზე ადრე მხოლოდ ტანდის ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ის ამ რბოლის 30-ე ბრიტანელი გამრჯვებულია. ბამბერი კი მხოლოდ მესამე ზელანდიელი მრბოლია, ვინც ლე მანზე გამარჯვება შეძლო. მის თანმემამულეთაგან პირველებმა ეს ლეგენდარულმა ბრიუს მაკლარენმა და კრის ეიმონმა 1966 წელს შეძლეს.
„აუდის“ წინა 15 ლე მანიდან 13 აქვს მოგებული. მაგრამ ამჯერად „პორშესთან“ პაექრობაში არაფერი გამოუვიდა. ცუფენჰაუზენელებმა ჯერ კიდევ კვალიფიკაციაში გამოაჩინეს „კლანჭები“ - სასტარტო რიგში პირველი სამი პოზიცია მოიპოვეს. მომდევნო სამი ადგილი კი ოთხ რგოლს ერგო. თუმცა, რბოლაში მათ შორის დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. დაბნელებამდე მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო. ღამით კი ინგოლშტადტელებს პირველი ბზარი გაუჩნდათ - ფასლერი რემონტზე შესასვლელი გახდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად, მის მანქანას ძარის ნაწილი მოსწყდა. ამაზე მისმა ეკიპაჟმა შვიდი წუთი დაკარგა. მექანიკური პრობლემები შეექმნა „აუდის“ სხვა ორ ეკიპაჟს.
რბოლის პირველი მეოთხედის განმავლობაში, ლიდერობა ვებერის ხელში იყო, მაგრამ შემდეგ, ჰარტლიმ ეგრეთ წოდებულ ნელ ზონაში, მოსახვევ მულსანთან, როცა ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა (მესამედ) იყო გამოსული, ერთ-ერთ მეტოქეს გაასწრო, რისთვისაც მსაჯებმა პიტლეინზე უქმე გავლით დააჯარიმეს. პირველად უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე პირველი საათის გასვლის შემდეგ გამოვიდა, როცა სამი მანქანის შეჯახებას, გზის საფარზე ზეთის დაღვრა მოჰყვა. მეორე გამოსვლა უფრო ხანგრძლივი გამოდგა. ეს რბოლის დაწყებიდან სამი საათის შემდგ მოხდა, როცა ფრანგი ლოიკ დუვალის „აუდი“, მოსახვევ ინდიანაპოლისთან, გასწრებისას დატრიალდა და კედელს დაეჯახა. მან ბოქსებს მიაღწია, სადაც დამტვრეული ცხვირი გამოუცვალეს. პეისკარი მეოთხედ 17 საათის შემდეგ გამოვიდა. ამჯერად „ასტონ მარტინს“ მოუვიდა ავარია.
83-ე ლე მანის დაწყების პატივი, ლეგენდარული რბოლის ცხრაგზის გამარჯვებულს, დანიელ ტომ კრისტენსენს ერგო, რომელმაც ჩაფხუტი ლურსმანზე გასული სეზონის შემდეგ დაკიდა. რბოლას დაახლოებით 250 000 მაყურებელი ჰყავდა.

No comments:

Post a Comment