Friday, June 12, 2015

„ფორდი“ ლე მანზე ბრუნდება

Ford Announces Le Mans Return In 2016 With All-New GT Race Car
12 ივნისი
ხვალ ლე მანის 24-საათიანი რბოლა აიღებს სტარტს და ამ ღირსშესანიშნავი რბოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში დაუბრუნდება ლეგენდარულ რბოლას, რომელიც ზუსტად 50 წლით ადრე, პირველად მოიგო. ავტომობილი, რომლითაც ცისფერი ოვალი სარტეს ტრეკზე დაბრუნდება, არის სუპერქარ GT-ს სარბოლო ვერსია და ის LM GTE Pro კლასში იასპარეზებს.
და ეს ერთადერთი გეგმა არ არის, რაც „ფორდ GT-ს“ ახალ სარბოლო კარიერას უკავშირდება. „ფორდმა“ საქარხნო პროგრამა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ის მონაწილეობას მიიღებს როგორც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში, ასევე „ტუდორის“ სრპოტქარების გაერთიანებულ ჩემპიონატშიც. შეიქმნება ორი გუნდი, რომელთა განკარგულებაშიც ოთხი სარბოლო მანქანა იქნება. მათ სახელოვანი ჩიპ განასი და ფელიქს საბატესი გაუძღვებიან.
პირველი რბოლა, რომელშიც სარბოლო GT იასპარეზებს, „როლექსის“ დეიტონას 24 საათი იქნება. სეზონის კულმინაცია კი, რა თქმა უნდა, ლე მანის რბოლა გახდება და მასში „ფორდის“ ორივე სერიის საჯინიბო მიიღებს მონაწილეობას. პილოტებს მოგვიანებით შეარჩევენ. როგორც „ფორდის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ბილ ფორდი ამბობს, მისი კომპანიის სარბოლო პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე არაერთმა ცნობილმა პილოტმა გამოთქვა.
„ფორდი“ აცხადებს, რომ სარბოლო GT-ს კონსტრუქციაში, არაერთი სრულიად ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული, რომელთა დახმარებითაც, ის LM GTE Pro-ს კლასში კონკურენტუნარიანი ძალა გახდება. გარდა ამისა, მალე ამ სიახლეების სერიულ ავტომობილებზე დანერგვაც იგეგმება და ამ საქმეში, სარბოლო პროგრამა ერთგვარი ლაბორატორიის როლს შეასრულებს.
ამ სიახლეებს შორისაა დახვეწილი აეროდინამიკა, რომელიც მინიმალური წინააღმდეგობის გარდა, ავტომობილს საჭირო ჩაჭიდებასაც მიანიჭებს, რომლის წყალობითაც, სარბოლო რეჟიმში მისი მდგრადობა გაუმჯობესდება და მოსახვევების გავლის სიჩქარე მოიმატებს. სიახლეა მსუბუქი კომპოზიციური მასალები, რომელთა წარმოების ტექნოლოგიასაც „ფორდი“ მალე სერიულ წარმოებაშიც დანერგავს. კარბონის კომპოზიტი ის მასალაა, რომელიც მზიდ კონსტრუქციას არნახულ სიმტკიცესაც ანიჭებს და იმავდროულად, ძალიან მსუბუქიცაა.
და რა თქმა უნდა, სარბოლო ავტომობილი, სერია ეკობუსტის სარბოლო ძრავით აღიჭურვება. ესაა 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6, რომლის დებიუტი „ტუდორის“ სპორტქარების გაერთიანებულ ჩემპიონატში 2014 წელს შედგა. ამ ძრავით აღჭურვილმა სარბოლო ავტომობილმა, სებრინგის 12-საათიანი და დეიტონას 24-საათიანი რბოლები მოიგო.

ისევე როგორც საგზაო GT-ს წარმოებაში, ამ პროექტშიც „ფორდს“ პარტნიორობას კანადური „მულტიმეტიკ მოტორსპორტსი“ გაუწევს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment