Porsche Presents 919 Hybrid Racing Liveries
31 მაისი
ორი კვირაც აღარ დარჩა ლე მანის 24-საათიანი რბოლის
სტარტამდე და „პორშემ“ იმ სამი პროტოტიპის (919 LMP1) საბრძოლო ფერები გვიჩვენა,
რომლებითაც ისინი სტარტზე გამოვლენ. ავტომობილები წითელ, შავ და თეთრ ფერებშია
გამოწყობილი და ყველა ფერი, ცუფენჰაუზენელთა სახელოვან სარბოლო წარსულს და ალბათ
ასეთსავე მომავალს უკავშირდება.
„პორშეს“ ლე მანის რბოლა სხვადასხვა ფერებში
გაწყობილი მანქანებით აქვს მოგებული. ყველაზე დასამახსოვრებელი გაფორმება ჩემპიონ
მანქანებს „მარტინის“, „გალფის“ და „როტმანსის“ სპონსორობის დროს ჰქონდათ. ეს
ავტომობილები (პროტოტიპები) ავტოსპორტის ისტორიაშია შესული. სწორედ მათ პატივსაცემად,
გერმანული კომპანია წლევანდელ რბოლაში, სამ განსხვავებულ ფერში შეღებილ
ავტომობილებს გამოიყვანს.
„პორშე“ ლე მანს შარშან დაუბრუნდა, მაგრამ
დაბრუნება ტრიუმფალური არ გამოვიდა. „919 ჰაიბრიდი“ არ გამოდგა ის მანქანა,
რომელიც „აუდს“ უძლეველ გუნდს კვარცხლბეკზე ჩამოაჩოჩებდა. თუმცა, ამით ყველაფერი
არ დასრულებულა. პირიქით, გერმანული გუნდი ახალი რბოლისთვის უფრო მეტი მონდომებით
ემზადება.
ტრადიცია: N 17
ამ ნომრით ავტომობილი წითელია. მის ეკიპაჟში შევიდნენ
გერმანელი ტიმო ბერნჰარდტი, ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი და ავსტრალიელი მარკ
ვებერი. ამ ავტომობილის ნომერი და ფერი პატივს მიაგებს ლეგენდარულ 917k-ს,
მოკლებაზიან სარბოლო პროტოტიპს, რომელმაც ლე მანზე გამარჯვება 45 წლის წინათ
მოიპოვა. ეს იყო ლე მანზე „პორშეს“ მიერ მოპოვებული 16 გამარჯვებიდან პირველი.
ტრადიცია: N 18
ამ ნომრით შავი პროტოტიპი იასპარეზებს. მის ეკიპაჟში
შევიდნენ: გერმანელი მარკ ლიბი, ფრანგი რომენ დუმასი და შვეიცარიელი ნილ იანი. ეს
ავტომობილი წარმოგვიდგენს მჭიდრო კავშირს LMP1 კატეგორიის სარბოლო ავტომობილებსა
და სუპერქარ „918 სპაიდერს“ შორის. სწორედ შავად იყო შეღებილი ამ სუპერ
ავტომობილის ის ვერსია, რომელმაც ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე, საგზაო
ავტომობილებისთვის წრის რეკორდი (6 წუთი და 57 წამი) დაამყარა (2013 წელს). იმ
ავტომობილის საჭესთან სწორედ ლიბი იჯდა...
ტრადიცია: N 19
ამ ნომრის მქონე სარბოლო პროტოტიპი თეთრადაა
შეღებილი. მისი პილოტები არიან: ახალზელანდიელი ერლ ბემბერი, ფ1-ის გერმანელი
პილოტი ნიკო ჰულკენბერგი და ბრიტანელი ნიკ ტენდი. ამ ფერით „პორშემ“ ლე მანზე
გასულ სეზონში იასპარეზა და ეს დაბრუნების ფერია.
No comments:
Post a Comment