Thursday, June 18, 2015

„რეინჯ როვერმა“ 45 წლის იუბილე აღნიშნა

Range Rover Generations Meet For The Model's 45th Anniversary
17 ივნისი
45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ მსოფლიო მედიას პირველი „რეინჯ როვერი“ წარუდგინა, რითაც უგზოობის ლუქს ავტომობილების სეგმენტს დაუდო დასაბამი. ამ დროის განმავლობაში, ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის მხოლოდ ოთხი თაობა გამოუშვა, რომელთაგან პირველმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, მომდევნო თაობებმა კი ეს წარმატება განავითარეს.
ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, „ლენდ როვერმა“ ოთხივე თაობის „რეინჯ როვერს“ მოუყარა თავი და მათთვის ფოტო სესია მოაწყო. გადაღებული ფოტოებით, აშკარად ჩანს ავტომობილის გარეგნული ევოლუცია, აგებულებასა და აღჭურვილობაზე კი ისედაც ბევრი რამაა ცნობილი.

პირველი თაობა, კლასიკი (1970-1994 წლები)
„ლენდ როვერმა“ „რეინჯის“ პირველი პროტოტიპის შემუშავება 1966 წელს დაიწყო. ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 1970 წელს, კორნუოლში გაიმართა. ეს იყო ორკარიანი ავტომობილი, რომელიც მსუბუქი, მეტწილად ალუმინისგან დამზადებული V8 ძრავით აღიჭურვა. ტრანსმისია მუდმივი მოდების სრულ ამძრავიანი. მუხრუჭები დისკოებიანი. ეს ავტომობილი ბაზარზე 25 წელი დარჩა და ამ პერიოდში არაერთხელ ჩაუტარდა გაუმჯობესება. ერთ-ერთი ახალი ვერსია (1981 წელს) ოთხკარიანი ძარით იყო, 1982 წელს კი ძრავთან ავტომატური კოლოფიც დააკავშირეს.
1986 წელს ძრავების გამაში დიზელის აგრეგატი გამოჩნდა. სამი წლის შემდეგ კი, „რეინჯ როვერი“ გახდა მსოფლიოში პირველი უგზოობის ავტომობილი, რომლის აღჭურვილობაშიც, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა შევიდა. 1992 წელს ეკიპირებას ელექტრონული ტრექშნ კონტროლი და ავტომატური ელექტრონული პნევმო საკიდარი დაემატა, რაც ასევე პირველად მოხდა SUV-ის ტიპის ავტომობილებში.

მეორე თაობა P38A (1994 - 2001)
მეორე თაობის „რეინჯ როვერს“ ასევე P38 A-დაც მოიხსენიებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს ავტომობილი, სოლიჰალის ქარხნის 38A ბლოკში შეიმუშავეს და წარმოებისთვის მოამზადეს. ბაზარზე მისი დებიუტი 1994 წელს შედგა. პირველ თაობასთან შედარებით, მას უფრო მდიდრული ინტერიერი, ასევე ასფალტსა და ცუდ გზებზე უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდა.
ტექნოლოგიურ სიახლეებს შორის იყო სიმაღლეში რეგულირებადი საკიდარი, ასევე ძრავების გაფართოებული გამა, რომელსაც 2.5-ლიტრიანი დიზელი და 3.9 და 4.6-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავები დაემატა. 1999 წელს ბაზარზე გამოვიდა იმ დროისთვის „რეინჯ როვერის“ ყველაზე მდიდრული სპეც ვერსია „ლინლი“.
ამ ავტომობილს სახელი ავეჯის დიზაინერ ლორდ ლინლის საპატივცემულოდ დაერქვა. ის მხოლოდ 10 ცალი დაამზადეს, რომელთაგან თითო 100 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ლუქს ავტომობილი, რომლის ეკიპირებაშიც სატელიტური ნავიგაცია შევიდა.

მესამე თაობა L322 (2001-2012)
ამ ავტომობილს მეორენაირად L322 ჰქვია. წინამორბედთან შედარებით, ის კიდევ უფრო დაიხვეწა. გაუმჯობესება ყველა მიმართულებით მოხდა. მესამე თაობის „რეინჯი“ თავის წინამორბედზე დიდიც არის და უფრო ვრცელი სალონიც აქვს. ინტერიერის შემუშავებისას, დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ, უმაღლესი კლასის იახტების კაიუტები და პირველი კლასის თვითმფრინავების სავარძლები გამოიყენეს.
ამ ავტომობილის ეკიპირებაში 2010 წელს შევიდა „ვირტუალური“ ინსტრუმენტები და ინფოტაინმენტ სისტემის ეგრეთ წოდებული ორმაგი ხედვის ეკრანი. მის გამაში შევიდა ახალი, თანამედროვე ძრავები, მათ შორის, 4.2-ლიტრიანი V8 მექანიკური დამჭირხნით (2005 წელს), დიზელის TDV8 (2006 წელს) და სრულიად ახალი 5.0-ლიტრიანი V8.

მეოთხე თაობა (2012 წლიდან)
ამ ავტომობილის მთავარი თავისებურება, მსუბუქი, ალუმინის სტრუქტურაა, რომლის წყალობითაც გაუმჯობესდა მისი სიმტკიცე. ამანვე განაპირობა საწვავის ხარჯის შემცირება და დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესება. ძრავების გამას, ჰიბრიდული აგრეგატი დაემატა. ახალი „რეინჯის“ ეკიპირებაში, არაერთი თანამედროვე ტექნოლოგია შევიდა.

No comments:

Post a Comment