Tuesday, May 12, 2015

„ბენტლი“ ახალ „კონტინენტალ GT-ს“ 2017 წელს გამოუშვებს

Bentley to Bring New Continental GT in 2017, Porsche Know-How Included
12 მაისი
საავტომობილო ბაზარი „ბენტლის“ ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილის, „ბენტაიგას“ მოლოდინშია. მაგრამ ბრიტანული კომპანია სხვა პროექტებზეც მუშაობს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი, „კონტინენტალ GT-ს“ შემცვლელია. ამ ავტომობილის წარმოება 2017 წელს დაიწყება და მასზე „პორშეს“ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. საქმე ისაა, რომ „ბენტლიც“ და „პორშეც“ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრები არიან და მათ შორის სიახლეების და მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარება, გასაკვირი არაა.
პირველ რიგში, ლაპარაკი არის მოდულურ პლატფორმა MLB-ზე, რომელსაც უკვე იყენებს „აუდი“ (ახალ Q7-ზე) და „ბენტაიგაც“ მასზე დაფუძნდება. იმავე პლატფორმის მოდიფიცირებულ ვერსიაზე, რომელსაც MSB შეარქვეს, „ბენტლი“ „კონტინენტალ GT-ს“ ააგებს. ამ პლატფორმის მოდიფიკაცირებაზე სწორედ „პორშეს“ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. ცუფენჰაუზენელები ამავე პლატფორმას ახალი „პანამერასთვის“ გამოიყენბენ, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.
ახალი პლატფორმა იქნება როგორც უკანა, ასევე სრულ ამძრავიანი. მის სტრუქტურას მეტწილად მსუბუქი მასალების გამოყენებით ააგებენ, რაც „ბენტლის“ ინჟინრებს, „კონტინენტალ GT-ს“ წონის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. არაა გამორიცხული, რომ ახალი ავტომობილი ორ ტონაზე მსუბუქიც კი გამოვიდეს.
ცნობისათვის, ამჟამად ბაზარზე „კონტინენტალ GT-ს“ მეორე ვერსია იყიდება (2011 წლიდან). თუმცა ის რეალურად პირველის (რომლის წარმოებაც 2003 წელს დაიწყო) ევოლუციური ვერსიაა, რადგან პირველი თაობა ძალიან პოპულარული იყო. მაგრამ მესამე თაობა რადიკალურად განსხვავებული იქნება, რადგან მას სრულიად ახალ პლატფორმაზე ააგებენ. ახალი იქნება დიზაინიც - ახალი ავტომობილი გარეგნულად კონცეპტუალურ „EXP 10 სპიდ 6-ს“ დაემსგავსება, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა.
რაც შეეხება ძრავებს, სტანდარტულ ეკიპირებაში 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 შევა. გარდა ამისა, „ბენტლის“ ინჟინრები ახლანდელი V8 აგრეგატის მოდიფიცირებაზეც მუშაობენ, რათა ის „აუდის“ ანალოგიური ძრავისგან მაქსიმალურად განსხვავებული იყოს. გარდა ამისა, „ფოლკსვაგენის“ ინჟინრებმა უკვე დაასრულეს მუშაობა სრულიად ახალ W12 აგრეგატზე, რომელიც 608 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
უფრო მეტიც, „ბენტლიმ“ უკვე დაადასტურა, რომ ახალ „კონტინენტალ GT-ს“ მყიდველს პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაც შესთავაზებს. ამ აგრეგატის დებიუტი „ბენტაიგასთან“ ერთად შედგება, შემდგომში კი კომპანიის ყველა მოდლი მსგავსი სისტემით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment