Thursday, May 28, 2015

„მაკლარენ-ჰონდა“ ავსტრიისთვის დიდ სიახლეებს ამზადებს

McLaren-Honda plans major upgrade for Austria
28 მაისი
„მაკლარენი“ ავსტრიის დიდი პრიზისთვის ახალ აეროდინამიკურ ელემენტებს ამზადებს და იმედოვნებს, რომ ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს, ისინი ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებაში დაეხმარება. უოკინგელები შუა სეზონისთვის B სპეციფიკაციის მანქანის მომზადებას აპირებდნენ. თუმცა ეს ვერ ხერხდება და გუნდსაც მოდიფიკაციით (თუნდაც მნიშვნელოვანის) დაკმაყოფილება უწევს.
მონაკოს დიდ პრიზზე „მაკლარენმა“ პირველი ქულები აიღო. ბატონი მე-8 ადგილზე გავიდა, თუმცა არ გაუმართლა ალონსოს, რომელსაც ისევ ტექნიკამ უმტყუნა. როგორც ბრიტანული გუნდის შეფი ერიკ ბუიე ამბობს, პირველი ქულები „მაკლარენ-ჰონდასთვის“ დიდი სტიმულია, რაც მას შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის წაადგება.
გუნდი არ მალავს, რომ ავსტრიისთვის ფრთებს, ძირს და ძარის გარე ელემენტებს ამზადებს, რომლებმაც საგრძნობლად უნდა გააუმჯობესონ ავტომობილის აეროდინამიკური მახასიათებლები, რასაც თავის მხრივ, ჩაჭიდების მომატება მოჰყვება და ეს მოსახვევების გავლისას, ავტომობილის მდგრადობას უზრუნველყოფს.
არსებობს იმის შანსიც, რომ სიახლეთაგან ზოგიერთი კანადური ეტაპისთვის მოესწრება, თუმცა სრული აეროდინამიკური კომპლექტი მხოლოდ ავსტრიისთვის იქნება მზად. ბუიე ამ სიახლეებზე დიდ იმედებს ამყარებს და ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი, ყოველი შემდგომი რბოლისთვის, უკეთესი მანქანის მომზადებაა. ამასთან დასძენს, რომ კანადაში ბატონს და ალონსოს გაუჭირდებათ, თუმცა ავსტრიიდან უკეთესობაა მოსალოდნელი.

No comments:

Post a Comment