Saturday, May 23, 2015

ალონსო: მეექვსე ადგილი შესაძლებელი იყო

Distraught Alonso says sixth was possible
23 მაისი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაციის მეორე ნაწილში მანქანა რომ არ გაჩერებულიყო, მეექვსე ან მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნებოდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ამ სეზონში ყველაზე უკეთ ჯერჯერობით სწორედ მონტე კარლოს კვალიფიკაციის პირველ ნაწილში იასპარეზა, მაგრამ შემდეგ მანქანამ უმტყუნა.
ეს სესიის მეორე ნაწილის დასაწყისში მოხდა, როცა ესპანელი სწრაფ წრეს იწყებდა. მოულოდნელად, მის ბოლიდზე ელექტრონკამ მუშაობა შეწყვიტა და ძრავი ჩაქვრა. ალონსოსთვის კვალიფიკაცია სწორედ აქ დამთავრდა. არადა, მონაკოს ტრეკის თავისებურება, „მაკლარენის“ პილოტებს თავის გამოჩენის კარგ შანსს აძლევდა. სხვათა შორის, მაინცდამაინც არც ჯენსონ ბატონს გაუმართლა, რომელსაც მეორე ნაწილშივე, ყვითელმა დროშებმა შეუშალა დროის გაუმჯობესებაში ხელი.
„უცებ ყველაფერი ჩაქვრა და გზის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ძალიან გაწბილებული ვარ. ეს კვალიფიკაცია მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუ სტარტს მე-15 ადგილიდან ავიღებ, მატარებლის უკან მომიწევს რბოლა, რადგან გასწრება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დილით, ერთადერთი წრე გავიარე ტრაფიკის გარეშე და მესამე დრო მქონდა. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაში მესამე დრო არარეალური იყო, მაგრამ მეექვსე ან მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა შემეძლო. ჩვენ ყოველმხრივ გაუმჯობესება გვჭირდება და რა თქმა უნდა, მანქანის საიმედობა აუცილებელია. ვიცით, რომ ამ მომენტში ძალიან მყიფეები ვართ“, - ამბობს ალონსო.
„მაკლარენის“ პილოტი ამბობს, რომ ასეთი ჩავარდნის შემდეგ, რბოლაში რაიმეს მიღწევაზე ფიქრიც არ ღირს: „მე ვთქვი, რომ რბოლა შაბათს მთავრდება, კვირას კი ავტომობილების მსვლელობა იქნება. ლოგიკურად, ეს საკმაოდ მოსაბეზრებელი უნდა იყოს. ჩვენ ბევრის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ეს მონაკოა. თუ სტარტს მე-16 პოზიციიდან აიღებ და ყველაფერი ნორმალურად იქნება, ფინიშთანც მე-16 მიხვალ“.
ყველაფერი კარგი, მაგრამ ალონსოს და ბატონს კვალიფიკაციის შემდეგ მაინც გაუმართლათ: რომენ გროჟანს გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, სტარტზე ხუთი პოზიციით უკან დაწევა მოუწევს, კარლოს საინს უმცროსი კი სტარტს პიტლეინიდან აიღებს, რადგან კვალიფიკაციის პირველი ნაწილის შემდეგ, სავალდბულო აწონვის პროცედურა არ გაუვლია...

No comments:

Post a Comment